21-05-2019
"საქართველოსთვის პოლონეთი არის საიმედო პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიიწევს ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ მიღებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ პოლონელ ხალხს კონსტიტუციის დღე მიულოცა. მისი შეფასებით, ქართველ და პოლონელ ერს შორის არსებული ურთიერთობა გამორჩეული და განსაკუთრებულია, რადგან მას საფუძვლად ისტორიული მეგობრობა უდევს.
"ის ამყარებს იმ პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორისაა. საქართველოსთვის პოლონეთი არის საიმედო პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფო, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიიწევს ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით. ამისთვის, განსაკუთრებული მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოლონელი მეგობრების მიმართ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული მეგობრობისა და განსაკუთრებული დამოკიდებულების კიდევ ერთი დადასტურებაა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალის, სტანისლავ კარჩევსკის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ ისტორიულ მსგავსებებზე გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთერთი ასეთი ისტორიული მსგავსებაა ერთგვაროვანი ისტორია კონსტიტუციის მიღების თვალსაზრისით.
"პოლონეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კონსტიტუციური ტრადიცია ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით. პოლონეთის კონსტიტუცია იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი, სამართლებრივი დოკუმენტი იმ დროინდელ მსოფლიოში.მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტს დიდხანს არ უმოქმედია, ის იქცა პოლონელი ხალხის თავისუფლების სიმბოლოდ და მან შემოუნახა პოლონელ ხალხს სახელმწიფოებრიობის იდეა. საქართველოსაც მსგავსი კონსტიტუციური ისტორია აქვს. ჩვენი კონსტიტუცია, რომელიც 1921 წელს იქნა მიღებული, სამ წელს მოქმედებდა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაშიც, ამ დოკუმენტმა შემოგვინახა სახელმწიფოებრიობის იმედი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პოლონეთი განვითარების სანიმუშო მაგალითია.
"პოლონეთმა გასული ათწლეულების მანძილზე, ყველა სფეროში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. პოლონეთი დღეს არის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს გამორჩეული დემოკრატიული სისტემა. პოლონეთი არის ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი - ასეთი გვინდა ვიხილოთ ჩვენც საქართველო რადენიმე წლის შემდეგ",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მიღებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. სტანისლავ კარჩევსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო პოლონეთის მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია.
"ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აერთიანებს: ისტორია, კულტურა, დროშების შეფერილობა, სიყვარული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ. პოლონეთი ყოველთვის იყო საქართველოს ელჩი ევროპაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გზა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, იყოს რაც შეიძლება, მოკლე" ,- განაცხადა სენატის მარშალმა.
პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ მიღებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.