21-05-2019
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა.
2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზრის სეგმენტებს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა.
კომისია კმაყოფილია ბაზრის კვლევის შედეგებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა. შეგახსენებთ, რომ საცალო ბაზრის რეგულირების ალბათობა კომისიამ ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა და მასშტაბური კვლევა დაიწყო. როგორც კომისია აცხადებდა, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობს, რაც კვლევამ დაადასტურა. სწორედ კვლევის და კომპანიებთან აქტიური მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა აიღეს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან, მობილური მომსახურებების არჩევანის მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან.
ამის მიუხედავად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედების მცდელობას კვლავ ექნება ადგილი, კომისიას იმაზე მკაცრი რეაგირება ექნება, ვიდრე ეს წინა შემთხვევაში მოხდა და კანონით მინიჭებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს მომხმარებლების უფლებების დასაცავად.
კვლევის შედეგად კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება და ხმოვან საცალო მომსახურეობაზე არსებული ზედა ზღვრული 24 თეთრიანი ტარიფი გააუქმა.
კომუნიკაციების კომისია, როგორც ეს არაერთხელ აღუნიშნავს დარწმუნებულია, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების ყველაზე სწორი გზა საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციაა.
მოგეხსენებათ, რომ ფიქსირებული საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, კომისია აქტიურად მუშაობს, კერძოდ, 2017 წლის 7 სექტემბერის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური და ფიქსირებული ქსელის კომპანიებისთვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე შემცირდა. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვნად შემცირდა მაგისტრალური არხებით მომსახურების საბითუმო ტარიფები. 2019 წლის 15 იანვრიდან მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებს საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მცირე და საშუალო ოპერატორების დაშვების ვალდებულებაც დაეკისრათ. ასევე, კომისიამ საცალო ბაზარზე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგა. ყველა ეს გადაწყვეტილება სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს საშუალო და მცირე ოპერატორების განვითარებას, რის შედეგად გაიზრდება კონკურენცია, რაც ერთის მხრივ ხარისხს გაზრდის, მერეს მხრივ კი ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება ფიქსირებული ინტერნეტს, ამ სეგმენტში კომისიას კვლევა ჯერ არ დაუსრულებია, ვინაიდან მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ სეგმენტზე კვლევა გაგრძელდება და კომისია საერთაშორისო გამოცდილ კონსულტანტებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, იმისთვის, რომ საცალო მომსახურების ცვლადი და ფიქსირებული დანახარჯების განცალკევებისა და გაანგარიშების მოდელი შეიმუშაოს, რომლის საშუალებითაც, ოპერატორის მიერ ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების მომგებიანობის საკითხი შეფასდება.
რაც შეეხება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარის რეგულაციას, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების მომსახურება „კავკასუს ონლაინის“ და „სილქნეტის“ ქსელის ტექნიკურად დასაშვებ ნებისმიერ წერტილში იქნება უზრუნველყოფილი, აქამდე კი ამ მომსახურების მიღება პატარა ოპერატორებისთვის მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი.
ამავე გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი აგვისტოდან მცირე და საშუალო ოპერატორებს საშუალება ექნებათ ერთ მბ/წმ-ზე 50 თეთრად ჰქონდეთ წვდომა ამავე კომპანიების ქსელში განთავსებულ „YouTube“-ის, „Google“-ის და სხვა საერთაშორისო ვებ-გვერდების ქეშირებულ კონტენტზე. ამავე ტარიფით კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ პატარა ოპერატორების მათ ქსელში და მათთვის ხელმისაწვდომ სხვა ოპერატორის ქსელში განთავსებულ ადგილობრივი ინტერნეტის რესურსებთან დაშვება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების მიზნით და 2019 წელს ამ მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.