21-05-2019
51-ე სკოლის უფროსკლასელთა შორის მომხდარი დაპირისპირების თაობაზე გამოკითხვა პოლიციაში გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. კამათში, გავრცელებული ინფორმაციით, 15 მოსწავლე ფიგურირებდა.
საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხნენ მოსწავლეები, მათი მშობლები და სკოლის დირექტორი - მანანა თურქაძე.
51-ე სკოლის დირექტორის თქმით, კამათი მე-11 კლასელებს შორის მოხდა და დაპირისპირებაში სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არ ფიგურირებდნენ.
"მომხდარს იძიებს პოლიცია, საქმე აღძრულია. მინდა აღვნიშნო, რომ მომხდარი დაპირისპირება არ ეხება მე-12 კლასელთა ვიდეორგოლს, თუმცა კლიპში გაჟღერებული რამდენიმე ფრაზა ნამდვილად ეწინააღმდეგება სკოლის ღირებულებებს.
მე პოლიციას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ამომწურავად მივაწოდე", - განაცხადა მანანა თურქაძემ.
შეგახსენებთ, ერთ-ერთი ვერსიით, 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირება მე-12 კლასელთა მიერ გადაღებულ კლიპს უკავშირდებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა არც სკოლის დირექტორმა და არც კლიპის რეჟისორმა.
51-ე სკოლის მე-11 კლასელებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.