გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი: საქართველოს აქვს პოტენციალი, მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ

21-05-2019

"უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა იყოს ფოკუსირებული მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე და მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი ქარხანა სწორედ ასეთი ტიპის საწარმო იქნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, საწარმო, დაამზადებს მზის პანელებს და მოამარაგებს ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებს, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ახლო აღმოსავლეთი.


"ქარხანას ხსნის გერმანული კომპანია "ეი სოლარი", რომელიც მსოფლიო ლიდერია მზის პანელების წარმოებაში. მე მსურს, ინვესტორებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ქარხანა სწორედ საქართველოში აშენებულიყო. განიხილებოდა რამდენიმე ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორმა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არის იმის გარანტი, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას ეროვნულ ეკონომიკაში.


"მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე, ისეთ წარმოებებზე, რომელსაც აქვს საექსპორტო პოტენციალი, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ საქართველომ ადგილი დაიმკვიდროს, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. აღნიშნულ საწარმოში დასაქმდება 300 ადამიანი. ამასთან ერთად, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი პერსონალისთვის უფრო მეტი საგანმანათლებლო მოდულების დაარსება აქ, ქუთაისში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკისა და განათლების სფეროს კავშირის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს არის ორი მიმართულება, რომელიც ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად უნდა ვითარდებოდეს.


"ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა, ეს არის განათლება და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ განათლება და ეკონომიკა ეს არის ორი მიმართულება, რომელიც ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად უნდა ვითარდებოდეს და ავითარებდეს ერთმანეთს. მსგავსი საწარმოების გახსნით მჯერა, რომ სწორედ განათლების რეფორმა იქნება წარმატებული და პირიქით, ჩვენ განათლების რეფორმის ფარგლებში შევძლებთ, რომ უფრო მეტი ინტერესი შევქმნათ საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ მსგავსი საწარმოები უფრო მეტი რაოდენობით გაიხსნას საქართველოში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი საწარმოს მშენებლობა დაიწყება საქართველოში და ეს იქნება პირველი ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში.


"ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. რამდენიმე თვის წინ, როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა. ჩვენ ჩვენი თვალით რეალურ ცხოვრებაში, უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს უნიკალური საინვესტიციო პირობები. იცით, რომ საქართველო მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სხვა უპირატესობები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი - ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მოვახდინოთ საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტური მეთოდებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


როგორს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, თუმცა ამავე დროს გრძელდება მოლაპარაკებები სხვა მსხვილ ეკონომიკურ პლატფორმებთანაც.


"ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საქართველოს სავაჭრო რეჟიმი ჰქონდეს გაფორმებული ყველა მსხვილ ეკონომიკასთან და ამას აუცილებლად შევძლებთ ერთობლივი ძალისხმევით. მე მსურს მადლობა გადავუხადო ინვესტორებს, "ეი სოლარს" გადაწყვეტილებისთვის, რომ სწორედ საქართველო შეირჩა ამ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის საწარმოებლად და აქვე მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა საზოგადოებას ჩემი გულისწადილი - დღეს მსოფლიოში არის ძალიან ბევრი გამოწვევა, ჩვენ ამავე დროს საქართველოში გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის მტკივნეული გამოწვევები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის სტრატეგია და ის ეროვნული იდეა, რომელიც განათლების სახით თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება 21-ე საუკუნეში ერთიანი, ძლიერი და მაღალ ტექნოლოგიებზე არსებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მაღალი ეფექტურობის ფოტოვოლტური მზის ენერგიის მოდულების წარმოების ლიდერი შპს "აე სოლარის" უახლესი საწარმო 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და ავტომატური რობოტიზებული კონვეირების მეშვეობით 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930