24-05-2019
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საავტომობილო საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბერში ჩატარებულ მასშტაბურ კვლევაში არსად არ გამოვლინდა ბენზინში გადამეტებული ტყვიის შემცველობა.
გარდა ამისა, ბოლო 5 წელიწადში ნავთობის მსოფლიო ფასი 48%-ით შემცირდა, თუმცა საწვავი არ გაიაფდა იმის გამო, რომ ლარი დოლარის მიმართ 53%-ით გაუფასურდა და საწვავზე აქციზის გადასახადი გაიზარდა (2017 წლის პირველი იანვრიდან ერთ ტონა ბენზინზე აქციზის გადასახადი 250 ლარიდან 500 ლარამდე, ხოლო ერთ ტონა დიზელზე 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა).
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა 2012 წელს არსებული 7-დან 2018 წლისთვის 57-მდე გაიზარდა, მსხვილი კომპანიების საბაზრო წილი კი 93.4%-დან 69.5%-მდე შემცირდა.
ასევე სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46%) ფლობს ავტომობილს.