გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
,,ორხეველი მანიაკი" - ქართველი კანიბალის შემზარავი ისტორია

9-02-2018

პოლიციელებს მის სამზარეულოში შემზარავი სურათი დახვდათ: ტაფაზე ადამიანის ფეხიდან ანათალი ხორცის ნაჭრები ეწყო.....


ეს ამბავი არც აფრიკის ტომში მომხდარა და არც ლენინგრადის ბლოკადის ისტორიის ნაწილია, სადაც კანიბალიზმის არაერთი ფაქტი გამოვლენილა. შემთხვევა საქართველოს რეალობაა და თავისი შინაარსით უპრეცედენტოც.


43 წლის მიხეილ აზალაძეს სამართალდამცველებმა თავად შეარქვეს „ორხეველი მანიაკი“ და სასამართლომ მისი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი ვერდიქტიც - სამუდამო პატიმრობა გამოიტანა.


გორელ ვაშლის გამყიდველს ბრალად არაერთი სასტიკი მკვლელობა, ცხედრების დანაწევრება და ქალების გაუპატიურება ედებოდა. პირველი მკვლელობა აზალაძეს ფიზიკური ნაკლის გამო ვერ დაუმტკიცდა (მას მარჯვენა ხელზე თითები არ ჰქონდა. ქარხანაში მუშაობისას დაზგაში ხელი ჩაჰყოლია) და როცა სასამართლოს წინაშე წარდგა, მხოლოდ დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს.


მიხეილ აზალაძემ 2004 წლის მარტში სოციალური მუშაკი გია ბრიტულიჩი გამოასალმა სიცოცხლეს. ბრიტულიჩის ცხედარი მკვლელის სახლში, თბილისში, ჩანტლაძის #1-ში (ორხევის დასახლება) აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ის მსხვერპლს ჯერ არყით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი ყელი გამოსჭრა. გვამს თავდაპირველად სახლში ინახავდა და ჩადენილი მკვლელობის შესახებ პოლიციას თავად აცნობა მას შემდეგ, რაც გვამის სუნმა შეაწუხა. პირველი ინსტანციის სასამართლომ აზალაძეს რამდენიმეწლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს - აზალაძე მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, მარჯვენა ხელზე თითები არა აქვსო. ადვოკატის პოზიცია ექსპერტიზის დასკვნითაც გამყარდა. დასკვნაში ეწერა, რომ ის დანას ხელში ვერ დაიჭერდა. საბოლოოდ სასამართლომ დაცვის პოზიცია გაიზიარა და აზალაძე გაამართლა, მაგრამ ვინაიდან გვამი მის ბინაში აღმოჩნდა, დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს.


ციხიდან გათავისუფლებულმა აზალაძემ ნავთლუღის ბაზარში ვაშლით ვაჭრობა დაიწყო. პოლიციის ცნობით, 2008 წლის 25 მარტის საღამოს ის მეგობრის შვილს, 27 წლის ვასიკო მეცხვარიშვილს შეხვდა, შინ მიიპატიჟა და არყით გაუმასპინძლდა. შემდგომში, საქმის მასალებით გაირკვა, რომ მათ შორის წარსულში არსებობდა კონფლიქტი, რომელიც იმ შეხვედრის დროს გაიხსენეს... აზალაძემ მეცხვარიშვილი სასტიკი წამებით მოკლა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, თავი და მკლავები მოაჭრა, სხეულის ნაწილები ე.წ. დუბაის პარკში ჩადო და კორპუსთან ახლოს, ნაგვის ურნაში ჩაყარა, ტანი კი დილაადრიანად ეზოში ჩაიტანა, ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. შინ დაბრუნებულმა იქაურობა მოაწესრიგა და მშვიდად დაიძინა.


მოკლულის სხეულის ნაწილები ისანი-სამგორის რაიონის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაგვის გადასაზიდი მანქანის დაცლის დროს ნახეს.

სამართალდამცველებმა აზალაძე დააკავეს.


პოლიციელებს მის სამზარეულოში შემზარავი სურათი დახვდათ: ტაფაზე მსხვერპლის ფეხიდან ანათალი ხორცის ნაჭრები ეწყო (ექსპერტიზით დადგინდა, ადამიანის ხორცი იყო). 43 წლის ინვალიდი მამაკაცი სასამართლომ 109-ე მუხლით გაასამართლა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.


საქმის მასალებიდან გაირკვა, რომ აზალაძემ და მეცხვარიშვილმა ერთმანეთი გეგუთის კოლონიაში გაიცნეს, სადაც ერთად იხდიდნენ სასჯელს. მათ ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც ჰქონდათ ურთიერთობა, მეზობლები ხშირად ხედავდნენ აზალაძესთან მოსულ მეცხვარიშვილს.


გარდაცვლილის ძმა, ტრისტან მეცხვარიშვილი თავის ჩვენებაში ჰყვებოდა:


,,ვიცნობდი აზალაძეს და ვიცოდი, რომ მას მანიაკური თვისებები ჰქონდა. მართალია, მარჯვენა ხელზე თითები არა აქვს, მაგრამ ამ ხელს ის ძალიან კარგად ხმარობს. ჩემი თვალით მინახავს, სწორედ იმ დაზიანებული ხელით დანას როგორ ხმარობდა. ციხიდან პირველი ვასიკო გამოვიდა, აზალაძე იქ დარჩა, მაგრამ დაახლოებით 6-8 თვის შემდეგ, როცა ისიც გამოვიდა, ჩემს ძმას გორში ჩამოაკითხა. სახლში ვაქეიფეთ და სამი დღე ჩვენთან დარჩა. ამის შემდეგ ისინი თბილისში წამოვიდნენ და ნავთლუღის ბაზარში ვაჭრობდნენ. მათთან ერთად ვაჭრობდა ვიღაც ვახოც, თუმცა, მას შემდეგ, რაც აზალაძემ საკუთარ ძმას ფული მოჰპარა, ვახო და ვასიკო მას ჩამოსცილდნენ. იფიქრეს, ძმას ფულს ჰპარავს და არც ჩვენ დაგვინდობსო".


მიხეილ აზალაძის მეზობელი ც.შ. წლების მერე იხსენებს თავზარდამცემ ამბავს:


- დილის 8 საათზე მეზობლის კივილი მომესმა, ეზოში კაცია მკვდარიო. როცა სადარბაზოში გამოვედი, სისხლის წვეთები დავინახე, მეორე და მესამე სართულებს შორის სისხლის გუბე იდგა. კიბეებიც სისხლიანი იყო, ეტყობა, ათრევდა გვამს და ისე ჩაიტანა. მეზობლებმა ხის ქვეშ დამწვარი ადამიანის გვამი ვნახეთ, რომელსაც თავი და მკლავები არ ჰქონდა.


გვიან გავიგეთ, რომ ეს ადამიანი სერიული მკვლელი ყოფილა და რამდენიმე ქალიც ჰყავდა გაუპატიურებული.


ადრეც მოუკლავს კაცი - ჯერ არაყი დაალევინა, მერე თავი მოჰკვეთა. რამდენიმე დღის შემდეგ მისულა პოლიციაში და დანაშაული უღიარებია. უთქვამს, გვამი მომაშორეთ, ქოთს იქაურობაო. ვერაფრით დააჯერა პოლიცია, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა, თითები არ გაქვს, კაცს როგორ მოკლავდიო?! მეზობლებთან თითქოს თავაზიანი იყო. ციხიდან ახალი გამოსული იყო, რომ 8 მარტს მეზობლის ქალებს იის კონები მოგვართვა. ისე, უცებ, უაზროდ კი იცოდა აფეთქება.

მეცხვარიშვილი ხშირად დადიოდა მასთან. მიშას უთქვამს ჩვენთვის, ვასიკო შვილივით მიყვარსო.


სამზარეულოში ტაფაზე უმი ხორცის ნაჭრები ეწყო. ეს ჩემი თვალით ვნახე. პოლიციელი გაკვირვებული დასცქეროდა და კითხულობდა, ეს რა არისო. დღესაც მახსოვს მისი სახე. ხორცი ექსპერტიზაზე წაიღეს და დადგინდა, რომ ადამიანის ყოფილა. ყველანი შოკირებულები ვიყავით, როცა გავაცნობიერეთ, ვინ გვყოლია მეზობლად. ახლაც შიშის ზარს მცემს ამის გახსენება...


ამონარიდი აზალაძის ჩვენებიდან:


,,ვასიკომ "იაზვურად" დაიწყო ლაპარაკი. ვთხოვდი, გაჩერებულიყო, მაგრამ ნერვებს მიშლიდა, თავში მირტყამდა და ჩემს ნათესავებს ლანძღავდა. მისმა სიტყვებმა გამაღიზიანა, ვეღარ მოვითმინე და მაშინვე კისერში წავუჭირე ხელი, რა დროსაც ვასიკომ გონება დაკარგა. მაგიდიდან დიდი დანა ავიღე, ყელში გამოვუსვი და შემდეგ თავი და ხელი მოვაჭერი, სისხლი იატაკზე რომ არ დაღვრილიყო, ცელოფანი დავაფინე, გავამზადე ორი ბოთლი სალიარკა და სხეულის ნაწილები ეზოში ჩავიტანე და ურნაში ჩავყარე. შინ ამობრუნებულმა კი გვამი მაგიდის გადასაფარებელში გავახვიე, ბაღთან მივათრიე და ცეცხლი წავუკიდე. დაწვას აღარ დავლოდებივარ, ბინაში შევბრუნდი, სახლი მოვწმინდე და დასაძინებლად დავწექი".

ორხეველ მანიაკს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.




წყარო: კვირის პალიტრა

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728