გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება

9-06-2019

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.


აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება. ამავდროულად რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, კონტროლს და ფაქტობრივი ანექსიის პროცესს, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულებელყოფით.


საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031