გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტში მიღება გაიმართა

11-02-2018

საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მიღებას უმასპინძლეს, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მიმართა.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკლესიამ ბევრი მძიმე დღე გამოიარა, ის მაინც ყოველთვის ქართველი ერის სულიერად გამაერთიანებელი იყო.
„მიუხედავად დაჩაგვრის და დაკნინების მცდელობისა, საქართველოს ეკლესია მუდამ იდგა საქართველოს ერთიანობის სათავეში, როგორც მებაირაღე. და თუკი, პოლიტიკური ერთიანობა არ იყო, ეკლესია ჩვენ სულიერად გვაერთიანებდა და იმის შემართებას იძლეოდა, რომ პატარა, ლამაზი ქვეყანა გადარჩენილიყო მსოფლიო დონის მიმდინარე ამდენ დაპირისპირებაში“,-აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ქართული ეკლესიის წინაშე სასულიერო პირების დამსახურებასა და როლზე საუბრისას, ხაზი გაუსვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II მოღვაწეობის მნიშვნელობას.
„ჩვენი პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II, 1990 წელს თავისი დიდი და ინტენსიური მოღვაწეობით, სიბრძნით, მიაღწია იმას, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიამ ოფიციალურად, დოკუმენტალურად ცნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია“,-აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ხვალ გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“, რომელშიც მონაწილეობას 12 ქვეყნიდან ჩამოსული საპატიო სტუმრები მიიღებენ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა მიმართა. მან სტუმრებს საქართველოს ეკლესიაში ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავი მიულოცა და ქვეყნის ისტორიაში ქართული ეკლესიის როლზე ისაუბრა.
„გილოცავთ საქართველოს ეკლესიაში ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს, რაც ერის ერთიანობისა და ერის თვითმყოფადობის სიმბოლოა. ეკლესი ინახავდა ქართული იდენტობის მთავარ საფუძვლებს და მაშინ, როდესაც ამ მცირერიცხოვან ერს მრავალი განსაცდელი ჰქონდა და ემუქრებოდა როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი განადგურება, ეკლესია იყო, რაც აღადგენდა მას სულიერადაც და ფიზიკურადაც.
თუ ბოლო საუკუნეებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ სულ უფრო და უფრო რთულდებოდა „ბედი ქართლისა“. ამიტომაა მნიშვნელოვანი 1917 წელი, როდესაც ფაქტიურად სახელმწიფოებრიობა დაკარგული ქვეყანა, რომელიც ეკლესიის დამოუკიდებლობის გარეშე პირველად აღმოჩნდა და შეიძლება ითქვას, რომ განადგურების პირას იყო ჯერ სულიერად და მერე ბუნებრივია ფიზიკურადაც, მოხდა სასწაული - აღდგა ეკლესიის დამოუკიდებლობა“,-აღნიშნა მეუფე დანიელმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენამ მეოცე საუკუნეში ქართული იდენტობა გადაარჩინა.
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლის პროცესი, ვახტანგ გორგასალის შემდეგ, 15 საუკუნე მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და დასრულდა იგი გამარჯვებით კომუნისტური რეჟიმის დროს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II საოცარი მოღვაწეობის შედეგად. ამით დასრულდა ბრძოლა საქართველო ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებისათვის“,-განაცხადა მეუფე დანიელამ.
მეუფე დანიელამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს ღონისძიების ჩატარებისთვის.
„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, იმიტომ ხელისუფლება არის საერო ცხოვრების სათავეში და იგი აძლევს მაგალითს საზოგადოებას თუ რა არის ფასეულობა, რა არის ღირებულება. ამ დარბაზში, ამ დღესასწაულის ასე აღნიშვნა, ეს არის ნიშანი ერისა და ეკლესიის მთლიანობის დაურღვევლობისა, რომელიც იყო, არის და იქნება“,-განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა.
პარლამენტში გამართულ მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მიმართა.
მისი თქმით საქართველოში სამი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველო ყოველთვის იღვწოდა ცოდნაზე და მეცნიერებაზე დაფუძნებული სახელმწიფოს და სარწმუნოების მშენებლობისა და განმტკიცებისათვის.
„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის სამი საუკუნოვანი იუბილე, რომელსაც საქართველო პრაქტიკულად ერთდროულად აღნიშნავს. ეს გახლავთ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლის აღნიშვნა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი და ასევე, საქართველოს პირველი ეროვნული უნივერსიტეტის საუკუნოვანი იუბილე. ამ სამი უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღის თანხვედრა იმის მანიშნებელია, რომ საქართველო ყოველთვის იღვწოდა ცოდნაზე და მეცნიერებაზე დაფუძნებული სახელმწიფოს და სარწმუნოების მშენებლობისა და განმტკიცებისათვის. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის უაღრესად დიდ პატივი იყო და ბუნებრივია, ჩვენ დიდი მხარდაჭერა აღვუთქვით ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ხვალ გაიმართება საქართველოს მთავარობის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს საპატრიარქოს თანაორგანიზებით“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართულ მართლმადიდებელი ეკლესის განსაკუთრებული როლი ასახულია საქართველოს უზენაეს კანონში.
„საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის, განვითარების და საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთი სირთულის გადალახვაში უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აქვს ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიას. ეკლესიის განსაკუთრებული როლი ჩვენ კონსტიტუციის დონზეც გვაქვს განმტკიცებული. რწმენის თავისუფლებასთან ერთად, ქართულ მართლმადიდებელი ეკლესის განსაკუთრებული როლი რჩება საქართველოს უზენაეს კანონში“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისივე თქმით, ქართული ეკლესია, ისევე როგორც საუკუნეების მანძილზე, დღესაც აგრძელებს და ყურადღებას ამახვილებს მეცნიერებისა და ცოდნის განვითარებაზე, ცოდნაზე დაფუძნებულ სარწმუნოებაზე და სახელმწიფო ხელისუფლებასთან ერთად იღწვის თანაბრად ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარებისთვის.
„ხვალინდელი კონფერენცია არის გზავნილ არა მხოლოდ იმ უაღრესად მნიშვნელოვანი იუბილის, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ, არამედ გზავნილი იმის, რომ ქართული ეკლესია მზად არის საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო თავი ისტორიით არის არაჩვეულებრივი კერა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის და იმ საუნჯის კიდევ უფრო მეტად შესასწავლად რომელსაც ინახავს ქართული ეკლესია.
მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ხვალ გაიმართება, განხილული იქნება შემდეგ საკითხები: რელიგია და მეცნიერება, ეკლესია და სახელმწიფო და რელიგიური წინამძღოლი და საზოგადოებრივი ცხოვრება.
„ჩვენი მთავარი მიზანია, ბუნებრივია, ჯანსაღი სეკულარიზმის ხელშეწყობა, რომელიც თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებული გამოწვევაა. ჩვენ, დღეს მომსწრე ვართ რელიგიის სახელით წარმოუდგენელი ომების და კონფლიქტების, რომელიც დაუშვებელია და მხოლოდ ცოდნით მხოლოდ მეცნიერებით შეგვიძლია ამ უდიდეს გლობალურ გამოწვევას ვძლიოთ“,-აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის სასახლეში გამართული მიღების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ფოტოგამოფენა - „საქართველოს ეკლესია 1917-2017 წლებში“.
მიღებას ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, ასევე სასულიერო პირები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930