12-02-2018
„ამ დღეებში ჩვენი მეზობელი ქვეყნის - საქართველოს მასმედიის ყურადღება პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტისაკენ იყო მიპყრობილი, რომლის განცხადებებმა საქართველოში განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია“, - ნათქვამია აზერბაიჯანულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - რაუფ ორუჯევი).
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში მიმოხილულია ირაკლი კობახიძის შეხვედრები აშშ-ის კონგრესის წევრებთან, ციტირებულია ამერიკელი კანონმდებლების გამონათქვამები საქართველოსადმი მხარდაჭერის შესახებ: „ტედ პომ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის - „რუსული დათვისა“ და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის - „ციმბირელი ნაპოლეონის“ პოლიტიკა, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესი აქვს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ: „მან თავის პირველ მსხვერპლად საქართველო ამოირჩია იმიტომ, რომ საქართველო რეგიონში ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოს წარმოადგენს. ვლადიმერ პუტინს ეგონა, თუ ის საქართველოს დაამარცხებდა, მაშინ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსაც მოერეოდა. რუსეთის ლიდერის ამ სურვილების გამო მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს და უკრაინის, ასევე მოლდოვას გვერდით იდგეს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყნებად დარჩებიან და არ იქნებიან რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების მარიონეტები. კონგრესმენმა ტედ პომ საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ განხორციელებული ვიზიტიც გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ „აშშ-ის პოზიცია იგივეა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას ახორციელებს, და არა მგონია, რომ ის შეიცვალოს, რადგანაც ეს სწორი პოზიციაა“.
დევიდ პრაისმა აშშ-სა და საქართველოს შორის მეგობრობის და სოლიდარობის შესახებ ისაუბრა, სადაც, მისი თქმით, საერთო ღირებულებები და დემოკრატიისადმი ერთგულება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. კონგრესმენმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ეს ვალდებულება შეასრულა „ძალიან მკაცრ გარემოში, ავტოკრატიული სახელმწიფოებით სავსე სამეზობლოში და იმ მეზობლის გვერდით, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეოთხედი ოკუპირებული აქვს და რომლისგანაც მუდმივად მუქარები და დაშინება მოდის“.
სტატიაში ასახულია ირაკლი კობახიძის საპასუხო განცხადებებიც. პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისელმა დამკვირვებელებმა ირაკლი კობახიძის ვაშინგტონური შეხვედრების პოზიტიური ფონი საქართველოს ხელისუფლების კარგი მუშაობის შედეგად მიიჩნიეს. იგი იმოწმებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის გიორგი რუხაძის კომენტარს („დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს აშშ-სთან და ჩვენი ელჩიც აქტიურობს“). იქვე იგი შენიშნავს, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ უფრო მტკიცე პოზიცია უნდა გამოხატონ.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ვაშინგტონში კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკელ კონგრესმენებს, ალბათ, ნამდვილად არ მოეწონებოდათ. ირაკლი კობახიძე მასპინძლებს არ მორიდებია: „რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს. პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ არ გვაინტერესებს, სად იქნება მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში თუ უკრაინაში. ჩვენს ქვეყანაში გაიმართა სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ. არსებობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდება, ის დაპატიმრებული იქნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კონგრესმენებს არაფერი უთქვამთ.
„რასაკვირველია, საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, ამ სიტყვების წარმოთქმისას, კარგად იცოდა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილს მფარველობენ და რომ სწორედ ისინი აკრიტიკებდნენ ბიძინა ივანიშვილს - ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დევნისო. გამოდის, რომ ან საქართველოს ხელისუფლება იქცევა წინდაუხედევად, ან ვაშინგტონში „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდისადმი უკვე ძველებური პიეტეტური დამოკიდებულება აღარ აქვთ“, - ასკვნის ავტორი.