16-06-2019
საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მისი მომავალი კრემლიდან არ განისაზღვრება,-ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ჟურნალისტის მიერ გრიგორი კარასინის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
პრემიერის თქმით, რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად ცდილობს თავისი პროპაგანდით, შექმნას ერთგვარი განცდა, რომ სწორედ რუსეთს აქვს ვეტოს უფლება საქართველოს საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბოლო განცხადებებიც ამ მცდელობის ნაწილია.
„კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო ის, რასაც ყოველთვის ვაფიქსირებ ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში. ეს დრო ჩაბარდა წარსულს, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და კრემლიდან არ განისაზღვრება საქართველოს მომავალი. ჩვენმა ერმა გააკეთა თავისი ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და საქართველოს სტრატეგიულ პარტნირობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ სამი მიმართულებით ჩვენ ვართ წარმატებულები. საქართველო ნატოსთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. საქართველო ევროკავშირთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს და საქართველო გააგრძელებს თავის სტაბილურ და მდგრად განვითარებას. ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის სწორედ რუსული პროპაგანდის ნაწილი. ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებები ორიენტირებულია პირველ რიგში ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე და იმ ფასეულობებზე, რომელიც გვაერთიანებს თითოეულ ჩვენგანს, აერთიანებს ნატოს და აერთიანებს ევროკავშირს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.