გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია ამ ქვეყანაში, არის მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოების კომპეტენცია

17-06-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. ლევან ვასაძის გუშინდელი მოწოდებების შესახებ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე რეაგირება უკვე მოახდინა და გამოძიება დაიწყო უკანონო ფორმირების მუხლით.

სამინისტრო ატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს. შეფასდება კონკრეტული პირის და პირების ქმედებები და მიეცემა სათანადო სამართლებრივი შეფასება.


„იმუნიტეტით ამ ქვეყანაში ვერავინ ისარგებლებს, მით უმეტეს როდესაც ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას და შინაგან საქმეთა სამინსიტროს კანონდარღვევებზე აქვს ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება ამ საკითხს, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც კანონს არღვევენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო უწყებების მსგავსი ფუნქციები რაიმე ტიპის ე.წ. ფორმირებების და წარმონაქმნების შექმნის ნებისმიერი მცდელობა, ისევე როგორც ამ ტიპის ფორმირებების ხელმძღვანელობა, ამ ტიპის ფორმირებებში გაწევრიანება ისჯება კანონით და უფრო მეტიც, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. შესაბამისად, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე რეაგირება უკვე მოახდინა. დღეს დილით გამოძიება დავიწყეთ უკანონო ფორმირების მუხლით. ახლა სამინისტრო ჩაატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს. შეფასდება კონკრეტული პირის და პირების ქმედებები და მიეცემა ამას სათანადო სამართლებრივი შეფასება.

ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ ძალიან კარგად, მოგეხსენებათ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია ამ ქვეყანაში, არის მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოების კომპეტენცია და არავის, არც ერთ სხვა დაჯგუფებას თუ ფორმირებას, ამ ფუნქციების შესრულების უფლებამოსილება არ გააჩნია. სამართალდამცველი ორგანოები და ზოგადად სახელმწიფო ამას არ დაუშვებს.

კიდევ ერთხელ, ვაცხადებ, ისჯება როგორც შექმნა, ისე შექმნის მცდელობა, მისი ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ამიტომ, სანამ ადამიანები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, სანამ ადამიანები კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებს განახორციელებენ, ნებისმიერი ჯგუფის მიმართ სამინისტროს ექნება ადეკვატური რეაქცია. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის დანაშაულის ჩამდენი, განურჩევლად მათ რელიგიური კუთვნილებისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური შეხედულებისა თუ სხვა ნიშნისა. გამოძიების შედეგები უნდა ვიხილოთ გონივრულ ვადებში, რაც როგორც წესი ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებას დრო სჭირდება. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და ამ ყველაფერს ბუნებრივია სჭირდება შესაბამისი დრო.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930