გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცუცქირიძე: ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, სწორედ მაღალი საგარეო მოწყვლადობის შემცირებაა, რაც ნეგატიურად ზემოქმედებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე და სავალუტო კურსზე

19-06-2019

„ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდებოდა უარყოფითი სავაჭრო სალდო. ეს დადებითი ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც. საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1 466.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი - 3 492.8 მლნ. აშშ დოლარს, რაც 3.6 პროცენტით ნაკლებია. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, სწორედ მაღალი საგარეო მოწყვლადობის შემცირებაა, რაც ნეგატიურად ზემოქმედებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე და სავალუტო კურსზე ზოგადად,“ - განაცხადა ექსპერტმა საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძემ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემების კომენტირებისას. 

ექსპერტის განცხადებით, თუ 2016 წელს ანალოგიურ პერიოდში უარყოფითი სავაჭრო სალდოს მაჩვენებელი 54.6 % იყო, შემდეგ წლებში კლება იწყო და შარშან 47.7%-მდე შემცირდა, ხოლო წელს პირველი ხუთი თვის მიხედვით, ისტორიულ მინიმუმზე 40.9 %-მდეა შემცირებული. 

გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირება გამოწვეულია როგორც დსთ-ის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად. 2019 წლის იანვარ-მაისში, წმინდა ექსპორტი გაზრდილია როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე დსთ-ის ქვეყნებში. თუ 2015 წელს იმპორტის წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 76.8 %-იყო, მიმდინარე წელს მისი მაჩვენებელი 70.4 %-მდეა შემცირებული, სამაგიეროდ ექსპორტის წილი გაზრდილია 23.2 %-დან, 29.6 %-მდე. 

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება უკვე დადებითად აისახა სავაჭრო ბრუნვაზე, რასაც თუ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარს გავითვალისწინებთ, აქვს ძალზე მზარდი პერსპექტივა, ისევე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტის დროს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის და უკვე ნომერ პირველ მეგა ეკონომიკასთან აშშ-სთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე გადასვლის პერსპექტივას, რაც აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალ ტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვას, და საექსპორტო საქონლის დივერსიფიცირებით, წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკას შეუწყობს ხელს აქ წარმოებული პროდუქციის გატანით საერთაშორისო ბაზრებზე,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031