გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ეს იყო შეუთანხმებელი -პროტოკოლის მიხედვით, სხდომა უნდა წაეყვანა ბერძენ კოლეგას

20-06-2019

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რუსი დეპუტატის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პარლამენტის სპიკერის ადგილიდან გაძღოლის საკითხზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ეს შეთანხმებული არ იყო და სესია ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა.

"ისევე როგორც ჩემთვის, ასევე, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აბსოლუტური უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ვნახულობთ სურათს, სადაც გავრილოვი, რუსეთის დუმის დეპუტატი, მიუხედავად იმისა, რომ ის არის ამავდროულად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ზის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში და ასე მიჰყავს სხდომა.

ეს იყო შეუთანხმებელი, პროტოკოლის მიხედვით, სხდომა უნდა წაეყვანა ბერძენ კოლეგას, რომელიც არის ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ხოლო იმაში, თუ რატომ მოხდა ისე, რომ გავრილოვი აღმოჩნდა სხდომის წამყვანის პოზიციაზე, ამაში გავერკვევით დეტალურად და ამ საკითხს მოყვება საკმაოდ მკაცრი რეაქცია.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სწორედ იმის გამო, რომ გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა თავმჯდომარის სკამზე და მან გაბედა წაეყვანა საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო გუნდის პოზიციისგან შეუთანხმებლად ეს სხდომა, საქართველოს პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება. სხდომა ხვალ სხვა სივრცეში გაგრძელდება.

საქართველოს პარლამენტში მსგავსი შეცდომა აღარ-ვეღარ დაიშვება და ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს, რომ გავრილოვი მოხვედრილიყო საქართველოს პარლამენტის სკამზე, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვებათ" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებიან, მათ შორის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რუსეთის დუმის დეპუტატებიც არიან.

ოპოზიციის მხრიდან გავრილოვის პარტლამენტის თავმჯდომარის სკამზე ყოფნას პროტესტი მოჰყვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930