20-06-2019
ალბათ, წინასწარ უნდა გვეფიქრა, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, როდესაც პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის ფარგლებში რუსი დეპუტატები სიტყვით გამოდიოდნენ.
„მინდა, შევეხო პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს. მე, როგორც ქალაქის მერი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, პირდაპირ გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც პარლამენტში ხდება. ვფიქრობ, მოგვიანებით გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მოვითხოვ, დაუყონებლივ შეწყდეს სხდომა. ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, პატრიოტები ვართ, ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ დროს მგონია, რომ არ არის მისაღები ის, რაც დღეს ხდება. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.