20-06-2019
"პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სახელით მსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელსაც დღეს ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში", - ამის შესახებ კახა კალაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"პირველი, რითაც მინდა დავიწყო - რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს. ბუნებრივია, ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველო არის თავისუფალი ხალხისა და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა.
"ჩვენ უკვე 17 საუკუნეა ვართ მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები და, ცხადია, ყველა პლატფორმას ვიყენებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის.
საქართველო ასამბლეის წევრია უკვე 26 წელია, თუმცა დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს ამ ფორმით და მით უმეტეს რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება.
ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ვებრძვით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ყოველდღე და ყოველ წუთს. უნდა ვებრძოლოთ და ვიბრძვით რაციონალურად-, განათლებით, საქმით, ეკონომიკის განვითარებით და ერთიანობით.
დღეს, საზოგადოებასა და ჩვენს გუნდში არის სრული კონსესუსი მომხდართან დაკავშირებით.
ამ მძაფრი ემოციების ფონზე, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ
დიახ, მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდის დარტყმის ქვეშ დააყენა", - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე განცხადებით, ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ და განუმარტონ ქართულ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა.