21-06-2019
პარლამენტის შენობის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დააკავეს. ნიკა მუხიგულაშვილი ამბობს, რომ მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ვიღებდი და დამაკავეს, მცემეს. დაკავებების კადრებს ვიღებდი, გადაღებას მედავებიან," - განაცხადა ჟურნალისტმა დაკავების დროს.
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
მანამდე, აქციის მონაწილეები პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
გარდა ამისა მათ ფილარმონიის წინ მანქანა ამოაბრუნეს და დაამტვრიეს.
რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გახსნა. ის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა.
ფაქტს პროტესტი მოჰყვა, შედეგად კი საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა შეწყდა.
ამის შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ფაქტი დაგმეს.
აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ნაწილმა კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავდნენ სამართალდამცველებიც.