21-06-2019
რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული 25 ადამიანი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლევან ბესელიამ განაცხადა, პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა.
"კლინიკაში შემოსულია 25 პაციენტი, ძირითადი დაზიანებები არის რეზინის ტყვიით მიყენებული ჭრილობები, თავის ტრავმები, გაზით ინტოქსიკაცია. ორ პაციენტს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ერთი პაციენტი თავის ტრავმით და თვალის დაზიანებით გადაყვანილია რეგიონალურ ჰოსპიტალში. 5 პაციენტი გაეწერა. მძიმეა 4 პაციენტის შემთხვევა. როგორც მოგახსენეთ, ორს ოპერაცია დასჭირდა, მესამე კისრის ტრავმით მძიმე შემთხვევაა და მასთან მეტ-ნაკლები სტაბილურობა მიღწეულია, მეოთხე პაციენტი კი სხვა კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან მას ნეიროქირურგთან ერთად, ოფთალმოლოგის ჩარევა დაჭირდა", - განაცხადა ბესელიამ. ალადაშვილის კლინიკაში ამ ეტაპისთვის 19 პაციენტი რჩება. მათ შორის არის ჟურნალისტი გურამ მურადოვი.
https://www.interpressnews.ge/ka/