გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფო დეპარტამენტი: კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა იმგვარ პრივილეგიებს ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომლით სარგებლობა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ

23-06-2019

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ 2018 წლის რელიგიის თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა.


ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებული მდგომარეობა, კანონმდებლობაში არსებული დისკრიმინაცია არადომიმანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ და საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებები; რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები; სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრობლემური როლი; რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულები და მათზე სახელმწიფოს რეაგირება; ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხირდან შექმნილი წინააღმდეგობები რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის პროცესში; საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების პრობლემა; რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო დაფინასება; საჯარო სკოლებში არსებული დისკრიმინაციული გარემო; საზოგადოებრივი განწყობები; რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობა.


ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის მარტში, ვენეციის კომისიის, არსამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური გაერთიანებების არაერთი კრიტიკის შემდეგ, მმართველმა პარტიამ გაიხმო ახლად შეტანილი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლითაც შესაძლებელი ხდებოდა რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა პრობლემური საფუძვლებით, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივით.


ანგარიშში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა იმგვარ პრივილეგიებს ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომლით სარგებლობა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ. 2018 წლის ივლისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო მხოლოდ საპატრიარქოსათვის დადგენილი საგადასახადო და ქონებრივი პრივილეგიები. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის გასაჩივრებული ნორმები დისკრიმინაციულია, მიიჩნია, რომ უთანასწორობის აღმოფხვრა შესაძლებელია პრივილეგიების ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე თანაბრად გავრცელებით ან ყველასათვის გაუქმებით, პარლამენტს კი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისათვის ვადა 31 დეკემბრამდე განუსაზღვრა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ეს ვადა ისე გაუშვა, რომ ცვლილებები არ განუხორციელებია.


საანგარიშო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ საუბრობდნენ რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების არაეფექტურობაზე, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ გამოძიების ხარისხი გაუმჯობესდა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ 2018 წელს მისთვის ცნობილი გახდა რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობის 19 შემთხვევის შესახებ, რაც მეტია წინა წელთან შედარებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ სავარაუდო რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი 23 საქმე გამოიძია. სახლახო დამცველი და TDI აღნიშნავენ, რომ წინა წლებში ჩადენილი დანაშაულები კვლავ გამოუძიებელია.


ანგარიშში ნახსენებია ასევე საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის კანონპროექტი, რომელიც “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას” დანაშაულებრივ ქმედებად ითვალისწინებდა. კანონპროექტის ინიცირებამ წამოჭრა რელიგიური სენტიმენტების, სიტყვის თავისუფლების და საქართველოს ტრადიციების და ისტორიის “დაცვის” შესახებ დისკუსიები. ამ ინიციატივას მოჰყვა ინციდენტიც, როდესაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ორ ჟურნალისტს თავს დაესხნენ ერთ-ერთის მიერ პირდაპირ ეთერში იესო ქრისტეს შესახებ გამოთქმული ხუმრობის გამო. სამართალდამცავებმა ექვსი პირი დააკავეს ჟურნალისტების მიმართ ჯგუფური ხულიგნობის და მუქარის ბრალდებით. საანგარიშო პერიოდში გამოძიება გრძელდებოდა.


სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის თანახმად, არადომინანტი რელიგიური ჯგუფები საანგარიშო პერიოდში კვლავ აწყდებოდნენ სახელმწიფოს მხრიდან წინააღმდეგობას ახალი რელიგიური ნაგებობებების მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესში, რაც, ცენტრის შეფასებით, განპირობებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ზოგადად საზოგადოებაში არსებული მიკერძოებით. TDI-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ყველასთვის თანაბარ მოთხვნებს აწესებს მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესში, რელიგიური უმცირეობების ორგანიზაციები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი და აწყდებიან უთანსწორო მოპყრობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან. TDI საუბრობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრობლემურ როლზეც, რომელიც მიკერძოებულად, ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის კომპენტენციაში.


საანგარიში პერიოდში, ვერ შედგა მოლაპარაკება ადგილობრივ ხელისუფლებასთან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე. ადგილობირივ მუსლიმები საუბრობენ სახელმწიფოს მხრიდან პროცესის გაჭიანურებასა და არაგამჭვირვალე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რაც ხელს უშლის მათ ახალი მეჩეთის მშენებლობაში. 2018 წლის თებერვალში გაიმართა პირველი სასამართლო პროცესი ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე - მეჩეთის მშენებლობის ფონდმა ბათუმის მერიის 2017 წლის ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლითაც უარი ეთქვათ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. აპრილში ბათუმის მერმა განაცხადა, რომ სურდა მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფთან მოლაპარაკება. მან ჯგუფს მოუწოდა, სასამართლოდან გამოეხმოთ სარჩელი და მეჩეთის ასაშენებლად შეძენილი მიწა სხვა რელიგიური ორგანიზაციისათვის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაეცათ, რომელიც შემდგომში მიმართავდა მერიას მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად. მეჩეთის მშენებლობის ფონდმა უარი თქვა აღნიშნულ მოთხოვნასა და შეთავაზებულ პირობებით მოლაპარაკებაზე. პარალელურად, ფონდმა გაასაჩივრა ბათუმის მერიის ის გადაწყვეტილებაც, რომლითაც ისინი მეჩეთის ასაშენებლად შეძენილ მიწის ნაკვეთზე დროებითი ხის კონსტრუქციის აღმართვისათვის 3000 ლარით დაჯარიმდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუსლიმი თემის ლიდერების ნაწილი კვლავ აღნიშნავდნენ, რომ ხელისუფლება განაგრძობდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოზე ზეგავლენის მოხდენას, მათ შორის, ორგანიზაციის რელიგიური ლიდერების დანიშვნაზე.

2018 წლის იანვარში სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებით გადაეცა ტაძარი, რომლის დაბრუნებას სომეხთა სამოციქულო ეკლესია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ითხოვს. სომეხთა სამოციქულო ეკლესია კვლავ ითხოვს თბილისში ხუთი და ახალციხეში ერთ ტაძრის დაბრუნებას, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და მათზე პრეტენზიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს. სომეხთა ეკლესიის განცხადებით, ის სარგებლობს საქართველოში 57 ეკლესიისთ, თუმცა არცერთზე არ აქვს საკუთრების უფლება. სომეხთა ეპარქიამ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 20 ეკლესიის საკუთრების უფლებით გადაცემის თხოვნით 2015 წელს მიმართა, თუმცა საანგარიშო პერიოდში სააგენტოს პასუხი კვლავ უცნობია.

ანგარიშში საუბარია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს მეჩეთზეც. სახალხო დამცველის ოფისი აღნიშნავს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ვერ უზრუნველყო ნაგებობის წარმომავლობისა და მესაკუთრის დადგენა. საქმეზე მოხეს მუსლიმების სახელით EMC-მ გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტს მიმართა.


ქობულეთის მუსლიმური პანსიონის შესახებ კი აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში კვლავ ვერ მოხერხდა პანსიონის გახსნა, რადგან მართლმადიდებლები ხელს უშლიან მუსლიმებს სკოლის ინფრასტრუქტურის მოწყობაში. EMC-მ პანსიონის საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, იმისათვის რომ ევროპულმა სასამართლომ საქმე განსახილველად მიიღოს, ჯერ უნდა გამოცხადდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტლება.


ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიური გაერთიანებების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მისი გაუმჭვირვალე საქმიანობის, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ქონების რესტიტუციის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ გამოვლენილი ფავორიტიზმის, რელიგიური შეუწყნარებლობის შემთხვევებსა და საჯარო სკოლებში მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკის მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულების გამო.


საანგარიშო პერიოდში, ბიუჯეტიდან სახელმწიფო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კვლავ 25 მილიონ ლარს უხდიდა. 2014 წლიდან კი, საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის კომპენსაციის მიზნით, სახელმწიფოსგან დაფინანსებას იღებენ მუსლიმური, იუდაური, კათოლიკე და სომეხთა სამოციქულო რელიგიური ორგანიზაციები. ამ დაფინანსებას, რომელიც ოთხი რელიგური ჯგუფისათვის ჯამში 4.5. მილიონი ლარია, ანაწილებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავს გამოთქვამენ კრიტიკას, რომ კომპენსაციის მიღმა დარჩნენ სხვა რელიგიური ორგანიზაციებიც და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ სახელმწიფოს მიერ დადგენილ კომპენსაციის გაცემის კრიტერიუმებს.


ანგარიშში საუბარია საჯარო სკოლებში არსებულ დისკრიმინაციულ გარემოზეც. TDI საუბრობს, რომ მიუხედავად კანონმდებლობის მოთხოვნებისა, დაცული იყოს რელიგიური ნეიტრალობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა, საჯარო სკოლებში კვლავ ადგილი აქვს დისკრიმინაციას, სასკოლო პროგრამებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თეოლოგიის ასახვის მცდელობებს, საკლასო ოთახებში ლოცვის პრაქტიკასა და რელიგიური სიმბოლოების განთავსებას.


სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. აღნიშნულია, რომ რთულია ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან სანდო ინფორმაციის მოპოვება. ორივე რეგიონის დეფაქტო ხელისუფლება აგრძელებს იეჰოვას მოწმეების საქმიანობაზე აკრძალვების დაწესებას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ ატარებს მსახურებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორებზე. საქართველოს ხელისუფლება აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მიზნით, დეფაქტო მთავრობები განაგრძობენ ისტორიული რელიგიური ნაგებობების დაზიანებას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს არ უშვებენ გალის ტერიტორიაზე რელიგიური მსახურების ჩასატარებლად, ეთნიკური ქართველები კი ვერ ახერხებენ მონაწილოება მიიღონ მშობლიურ ენაზე ჩატარებულ მსახურებებში. რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, რელიგიური დღესასწაულებზე ქართველ მოსახლეობას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჩასვლა უხდებათ. მედიისა და ონლაინ გამოცემების თანახმად, აფხაზეთში ზოგიერთი რელიგიური ლიდერი მოითხოვს რეგიონის მართლმადიდბელური ეკლესიების აფხაზეთის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიად გარდაქმნას, ნაწილი მათ რუსეთის ეკლესიისადმი, ნაწილი კი კონსტანტინოპოლის ეკუმენური საპატრიარქოსადმი დაქვემდებარეს ითხოვს.


ანგარიშში მიმოხილულია საზოგადოებრივი განწყობებიც. შეუწყნარებლობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად იეჰოვას მოწმეები ხდებიან. უმცირესობების რელიგიური ჯგუფები აღნიშნავენ, რომ საზოგადოებაში კვლავ გავრცელებულია წარმოდგენები, თითქოს რელიგიური უმცირესობები საფრთხეს უქმნიან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქვეყნის კულტურულ ღირებულებებს. 2018 წლის ნოემბერში ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, ქართველების 36 პროცენტი ფიქრობს, რომ მრავალფეროვნება უარყოფითად მოქმედებს ქვეყანაზე და საზიანოა ქართული კულტურისა და ტრადიციებისათვის. მედიის განვითარების ფონდმა (MDF) აღრიცხა მედიის, პოლიტიკოსების, სასულიერო და საჯარო პირების მიერ გაკეთებული რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული სულ მცირე 140 განცხადება. ამათგან, 90 განცხადება იყო ისლამოფობური, 29 - მიმართული იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, ორ-ორი კი სომეხთა სამოციქულო, ბაპტისტური და პროტესტანტული ეკლესიების წინააღდეგ; ერთი განცხადება ანტისემიტური, ერთი კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930