გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო კილაძე: ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი შეცდომა და დიდი სირცხვილი, როდესაც ვნახეთ გავრილოვი ბატონი ირაკლი კობახიძის სავარძელში

25-06-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფო კილაძე 20 ივნისის ღამის შედეგებზე და იმ პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რომელიც მისმა გუნდმა და ყველა იმ ადამიანმა უნდა აიღოს, ვისი უფლებამოსილების გადამეტებამაც გამოიწვია მოქალაქეების დაზიანება.

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ ძალიან სამწუხარო მოვლენების მომსწრე გავხდით. სამწუხაროდ, გვყავს დაშავებული ადამიანები, გვყავს ადამიანები, ვინც თვალი დაკარგა და ამას ყველაფერს სჭირდება შესაბამისი რეაგირება.

ბუნებრივია, უმკაცრესად ვითხოვთ პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის ადამიანი, რომელმაც გადაამეტა კანონით მასზე მინიჭებულ უფლებამოსილებას და ჩაიდინა დანაშაული. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა ის კონკრეტული პოლიციელი, ვინც ასეთი საშინელება ჩაიდინა. ეს არის ჩვენი მოვალეობა. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ დავემსგავსებით ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ ვალდებულება გვაქვს ქვეყანა განვავითაროთ დემოკრატიული გზით. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ ყველა იმ პოლიციელს, რომელიც იქ იდგა იმ საშინელ დღეს და იცავდა ადამიანის უფლებებს, არ ვგულისხმობ იმ პოლიციელებს, ვინც წყალს აწოდებდა ადამიანებს, არ ვგულისხმობ იმ პოლიციელებს, რომლებმაც მართლა გმირულად აიტანეს დამცირება, ცემა, ვაი-უშველებელი, სწორედ ამ პროვოკაციული მოძრაობის - ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, არამედ ვგულისხმობს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული.

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, ასევე მათი ჯანდაცვის კუთხით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობა იყოს სტაბილური, მათი ჯანმრთელობა აღდგეს და როგორც დღეს, ასევე მომავალში, ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის, ფინანსური ვალდებულებების შესრულების კუთხით, რომ ეს ადამიანები იყვნენ ჯანმრთელად.

ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი შეცდომა და დიდი სირცხვილი, როდესაც ვნახეთ გავრილოვი ბატონი ირაკლი კობახიძის სავარძელში. ჩვენ მეყსეულად მოვახდინეთ ამაზე რეაგირება და გადავიხადეთ პოლიტიკური ფასი, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას უნდა მიმართო აუცილებლად - რას უპასუხებენ საზოგადოებას იმაზე, რომ მათ მოახდინეს პროვოკაციები, მათ დაგეგმეს სახელმწიფო გადატრიალება და ისინი აქეზებდნენ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჰქონდათ გულწრფელი პროტესტი, აქეზებდნენ ამ ადამიანებს, რომ მიეტანათ შტურმი სახელმწიფო ორგანოზე - პარლამენტზე, და მერე თვითონ გაიპარნენ შარშანდელი თოვლივით და შეატოვეს ეს ახალგაზრდები სამართალდამცველებს. ამაზე რას უპასუხებთ, მართლა მაინტერესებს. ისეთივენაირად, როგორც მოვითხოვ დამნაშავე პოლიციელების დასჯას, მოვითხოვ იმ ადამიანების დასჯასაც, ვინც ატარებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მათ წააქეზეს ადამიანები და ვითხოვ იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, ვინც ცდილობდა მიეტანა შტურმი პარლამენტზე სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით. ეს ჩვენ თუ არ გავაკეთეთ, ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი თუ არ დავარქვით, დიდი ხანი კიდევ ეს ქვეყანა იქნება ვაი-უშველებელში. აბსოლუტურად, ყველა ადამიანმა, ვინც ჩაიდინა დანაშაული, უნდა აგოს პასუხი და ეს არის ჩვენი სამართალდამცავების ვალდებულება", - ამბობს სოფო კილაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930