26-06-2019
უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ოთარ დანელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ 20 ივნისის ღამეს მომხდარზე და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი გახარიას ხედავენ როგორც პოლიტიკურად ძლიერ ფიგურას, რაც მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის მთავარი მიზეზია.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი გახარიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულმა შემადგენლობამ, რომლებიც მონაწილეობდნენ იმ საღამოს შესაბამის ოპერაციებში, საქართველო ნამდვილად გადაარჩინეს სახელმწიფო გადატრიალებისგან. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გარემოებაა, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ და კიდევ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ. დიდი უბედურება დაგვატყდა თავს, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დასახიჩრდა, გულწრფელი პროტესტის მუხტით გამოსული ადამიანები“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე თქმით, ახლა ხელისუფლებამ ბევრი სამუშაო უნდა ჩაატაროს.
„თუ ჩვენ არ მოგვეცა მუშაობის პირობები, თუ ჩვენ არ გვექნება თანამშრომლობის შესაძლებლობა, თუ საბოტაჟი მოხდა და თუ კონკრეტულად გახარიას გადადგომით უნდათ, რომ პოლიტიკური ამინდი შეცვალონ, ეს არ გამოუვათ, იმიტომ რომ გახარია არ არის გუნდი, გუნდი ვართ ყველა ერთად, გახარიას და ჩემი ჩათვლით და ყველა ჩვენი კოლეგის, ამიტომ ეს არის სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხი.
გახარიას გადადგომა უნდათ, თუ უნდათ რომ ჭეშმარიტება დადგეს და თუ სადმე გადაცდომა იყო იმაზე იყოს პასუხისგება დადგენილი და პასუხისგებაში მიცემული? გახარიას ხედავენ როგორც პოლიტიკურად ძლიერ ფიგურას, რომელსაც აქვს თავის თავზე ძალიან ბევრის აღების შესაძლებლობა, რომელსაც აქვს უნარი და ამ უნარის გამო არიან სწორედ გაგიჟებულები. ყველას პასუხი მოეთხოვება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიუხედავად იმისა სამოქალაქო, საჯარო თუ ძალოვანი.
გახარია ამ კონტექსტში რა მოსატანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჯერ არ დამდგარა პასუხისგების საკითხები. თქვენ იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა, ეს ძალიან მძიმე საკითხია. რა გვინდა ახლა ჩვენ, რომ დავანგრიოთ მთელი ძალოვანი სისტემა, დემორალიზება გავუკეთოთ პოლიციას და ადამიანებს, რომლებიც ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ, ამ ადამიანების დისკრედიტირება მოვახდინოთ? მითუმეტეს ოპოზიციის განცხადება საერთოდ უმსგავსობაა: ადამიანი ამბობს, რომ მოვა პარლამენტში და მზად არის წარმოადგინოს ანგარიში ამ მოვლენებთან დაკავშირებით და საპასუხო მესიჯი რა არის - გახარია რომ მოვიდეს არ გვაინტერესებს არაფერი - გადადგეს, ნუ ახლა სად არის საღი აზრი“, - აღნიშნა დანელიამ.