27-06-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მისი ვიზიტი არ შედგა.
„დღეს მე ჩემს კაბინეტთან ერთად საქართველოს პარლამენტში ვგეგმავდი ჩვენი სამთავრობო პროგრამის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენას, სადაც საუბარი გვექნებოდა პროგრამაში გათვალისწინებულ ყველა საკითხზე, თუმცა ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე დღეს საუბარი იმაზე, თუ როგორ ხორციელდება საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა რეფორმები, ჯანდაცვის სექტორში, სოფლის მეურნეობაში და სხვა მიმართულებით, არ შეესაბამება იმ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც დღეს არის. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება ჩვენს კოლეგებთან ერთად და მზად ვარ ნებისმიერ დროს საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის შედეგად მივიდე ჩემს კაბინეტის წევრებთან ერთად და წარვადგინო ჩვენი წლიური ანგარიში ნებისმიერ დროს, მათ შორის, რიგგარეშე სესიაზე“-განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, დღეს რაც აინტერესებს საზოგადოებას, ეს არის ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენები, რომ მიეწოდოს მათ დამატებითი ინფორმაცია, რათა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს რეალური სურათი, თუ რასთან გვაქვს საქმე.
„2012 წლის პირველი ოქტომბერი ეს იყო ისტორიული თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო ახალი ფურცელი ჩვენს ისტორიაში, როდესაც ჩვენ მოძალადე პოლიტიკური ძალა არჩევნების შედეგად შევცვალეთ და დაიწყო ახალი განვითარების პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დღიდან მოყოლებული ჩვენ ყოველ წელს გვესმის ერთი და იგივე - მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მისი აგრესიული ჯგუფის რიტორიკა არის ერთი და იგივე - აგრესია, ძალადობა და ყველაფერი რაც უკავშირდება მთავარ მიზანს, რომ როგორმე შემოიტანონ ქართულ საზოგადოებაში იმის განცდა, რომ იქნება არეულობა. მათი დღის წესრიგია არანაირი არჩევნები - ხელისუფლება უნდა დაემხოს.
განსაკუთრებით, 2016 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული აგრესიული რიტორიკა. იგივე მოხდა თვითმმართველობის არჩევნებზე და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზეც.
ნებისმიერი არჩევნების წინა პერიოდში თუ შემდეგ ჩვენ ვისმენთ ერთ და იგივეს - ეს არის აგრესია, შეტევა კონსტიტუციაზე და ყველანაირი მცდელობა, რომ მოხდეს ქართული საზოგადოების კიდევ უფრო მეტად პოლარიზაცია და ეს არის სრულიად მიუღებელი“-აცხადებს პრემიერი.
ბახტაძის შეფასებით, 7 წელია, „ნაციონალები“ ამას ამზადებენ, ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას, სამშობლოს და საკუთარ ხალხს.
„ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც, ის რაც ჩვენ 20 ივნისს დილით ვიხილეთ, ეს იყო სრულიად მიუღებელი ნებისმიერი ქართველისთვის. ერი, რომელიც მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის, თავისუფლებისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი, ძალიან მძიმე. ამან გამოიწვია გულწრფელი ემოციები ჩვენს მოქალაქეებში, გულწრფელი პროტესტი და თითოეული ჩვენთაგანი არის ამპროტესტის სოლიდარული. ჩვენ იმავე დღეს მივეცით ამას ძალიან მკაცრი რეაქცია. ეს ასამბლეა თუ კონფერენცია იქნა შეწყვეტილი და ყველა დელეგაციამ დატოვა თბილისი. შემდეგ, საღამოს ჩვენ ამავე დროს ვიხილეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენი მოქალაქეების. ეს იყო გულწრფელი პროტესტი თითოეული ადამიანის, თითოეული ახალგაზრდის. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვიხილეთ, რომ დესტრუქციული ძალა ჩაერთო და ყველამ დაინახა, რომ ეს დესტრუქციული ძალა ცდილობდათავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოეყენებინა ეს გულწრფელი პროტესტი. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალადობა ჩვენს პოლიციელებზე, რომლებიც საქართველოს პარლამენტის პერიმეტრს იცავდნენ. ალბათ არავის აქვს იმის ილუზია, თუ რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, რომ მართლაც მოეხერხებინა ამ აგრესიულ ძალას საქართველოს პარლამენტზე მიტანილი შტურმის ბოლომდე მიყვანა. საქართველოს მოსახლეობის მშვიდობას დაემუქრა საფრთხე, საქართველოს კონსტიტუციაზე იყო პირდაპირი შეტევა და ეს ყველაფერი დასრულდებოდა უმძიმესი ქაოსით ჩვენი ქვეყნისთვის. საპოლიციო სტრუქტურების ვალდებულებაა, დაიცვას ჩვენი მოსახლეობის მშვიდობა და დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ფიზიკური თავდასხმა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენი პოლიციელების და დადგა ის კრიტიკული მომენტი, როდესაც პასიური კორდონი ფიზიკურად ვეღარ აკავებდა ამ აგრესიას, შესაბამისად პოლიციას დარჩა ერთადერთი ლეგიტიმური გზა, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ჩვენ ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ. ეს იყო უმძიმესი წუთები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები, მათი ჯანმრთელობა, დაზარალდნენ ჩვენი პოლიციელები. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ის, რაც მოხდა, ეს არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი. ეს არის მათი მოვალეობა, რომ დაიცვან კონსტიტუცია, დაიცვან წესრიგი ქვეყანაში, დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუტები. შედეგი არის მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ და ადამიანის ჯანმრთელობაზე უფრო მაღლა არაფერი არ დგას. პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებული სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს ჩვენს კონსტიტუციაზე. ეს არის სრულიად მიუღებელი. ამასთან ერთად, თითოეული ჩვენთაგანი და ქართული საზოგადოება თანხმდება, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ცალკეული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების შემთხვევებს“-განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმითვე, ერთის მხრივ, ყველა თანხმდება, რომ ბოლო მომენტამდე სამართალდამცველები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ როდესაც ვერ აკავებდა პასიური კორდონი ამ აგრესიას, ისინი იძულებულები იყვნენ, გადაედგათ ნაბიჯები და გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა.
„ეს არის შეფასება, რომელსაც აკეთებს ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს შემთხვევები, არსებობს კადრებიც, სადაც გარკვეული პირების მხრიდან შეიძლება ადგილი ჰქონოდა ძალის გადამეტებას. ბუნებრივია, ამას სჭირდება ძალიან დეტალური და ტრანსფარენტული გამოძიება. ეს პროცესი მოითხოვს პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას. პოლიტიკური შეფასება ჩვენი მხრიდან უკვე გაკეთდა და რა თქმა უნდა, სამართლებრივ შეფასებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, დაწყებულია გამოძიება პროკურატურაში, ხოლო შსს-ს გენერალურ ინსპექციაში - სამსახურებრივი მოკვლევა და გამოძიება. პროკურატურის ინიციატივით, გამოძიებაზე მონიტორინგისთვის მოწვეულია ომბუდსმენი, რასაც მე ერთმნიშვნელოვნად მივესალმები და აუცილებელია, ჩვენ უზრუნველვყოთ მაქსიმალური ტრანსფარენტობა ამ პროცესისა.
მას შემდეგ, რაც უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა პროვოკაციული მოწოდებების შემდეგ ხალხი და პოლიცია შეატოვეს ერთმანეთს, ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩათრეული აღმოჩნდნენ მასობრივ არეულობაში ორგანიზატორების მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სამართალდარღვევა სახეზე იყო, პროკურატურის მოთხოვნით, მათ საპატიმრო ღონისძიება შეეცვალათ. ამჟამად, ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტი, რომელიც იყო ამ პროვოკაციის მსხვერპლი და ფორმალურად იდენტიფიცირებულია, როგორც ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი, დღეს საკუთარ სახლში იმყოფება.
ამასთანავე, იდენტიფიცირებულია პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ მასობრივ ძალადობაში სისხლის სამართლებრივად მონაწილე პირები. ისინი, ორგანიზატორებთან ერთად, აუცილებლად წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ამასთან ერთად, 10 პოლიციელს უკვე შეუჩერდა უფლებამოსილება, რამდენიმე მათგანის საქმიანობაში იკვეთება ნიშნები და კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო - ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გამოძიების პროცესი მაქსიმალურ ტრანსფარენტულობას.
დღეს გიორგი გახარიას ექნება ინტერვიუ, სადაც მას ექნება შესაძლებლობა, ისაუბროს თითოეულ დეტალზე და ქრონოლოგიაზე, თუ რა პროვოკაციასთან და საფრთხესთან გვქონდა ჩვენ საქმე 20 ივნისს.
ეს პროცესი ძალიან მაღალი დონის შიდა და საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ არის. ჩვენი პირველადი ამოცანაა, ეს პროვოკაცია ამოიწუროს და არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი. ჩვენ რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ გვიჭირს და გვაქვს უმაღლესი სტანდარტი, ასე მოხდა, როდესაც ჩვენს უახლეს ისტორიაში გადადგა გენერალური პროკურორი და იგივე შემიძლია ვთქვა, როდესაც გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება მოთხოვნას - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავის იარაღად. ამავე დროს, კიდევ ერთხელ მსურს, გავიმეორო - ჩვენ უზრუნველვყოფთ ტრანსფარენტულ და გამჭვირვალე გამოძიებას, როდესაც საუბარია ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე და ამაზეც არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს. თუ ცალკეული შემთხვევების ერთობლიობა, ის ანალიზი, რომელიც დაიდება გამოძიების მიერ, იქნება შესაბამისი, პირველ რიგში სწორედ ქართული საზოგადოება იქნება ის, ვინც ამას განსაზღვრავს და შეაფასებს. ჩვენ, ჩვენს გუნდში არ გვყავს არავინ, რომელიც თავის სკამს გამოეკიდება. ქართულმა საზოგადოებას ეს ძალიან კარგად იცის. ფაქტი არის ერთი, რომ მოხდა ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მძიმე სცენარის არიდება და ამის პარალელურად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები. ამას ჭირდება შესაბამისი შეფასებები, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივით და ამას ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ. დაშავებული მოქალაქეები არის თითოეული ჩვენთაგანის ტკივილი. სახელმწიფო და საზოგადოება ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად იყოს მოშუშებული ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური იარები. დაშავდნენ ჩვენი პოლიციელებიც. მოგეხსენებათ, რომ 80-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა იმ ღამეს საქართველოს პარლამენტის წინ. ეს იყო უმძიმესი წუთები და დღეები ჩვენი სახელმწიფოსთვის. მოსახლეობამ კიდევ ერთხელ კარგად იხილა, თუ რა დესტრუქციულ ძალასთან გვაქვს საქმე. ძალასთან, რომელიც მზად არის, ხელი მოაწეროს ყველაფერს იმისთვის, რომ შედგეს მათი რევანშისტური მიზნები. ეს არის გამორიცხული და ეს არასდროს არ მოხდება. თქვენ ხართ მედიის წარმომადგენლები და მსურს გამოვხატო ჩემი წუხილი, რომ იმ ღამეს ბევრი თქვენი კოლეგაც დაშავდა. რა თქმა უნდა ესეც იყო ძალიან მძიმე საყურებელი“-განაცხადა ბახტაძემ.