27-06-2019
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საპოლიციო დანაყოფების პრინციპი თავიდანვე იყო მაქსიმალური თმენა.
„ეს იყო პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვცდილობდით მივყოლოდით ბოლომდე. მე წუთების რეჟიმში შემიძლია ჩამოვთვალო იქ რა ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, ამის დროც მოვა. არ აქვს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა, ეს იქნება გამოძიების ფარგლებში, თუ პარლამენტის წინაშე, მაგრამ ეს დეტალური ახსნა-განმარტებები ვიცით, რომ მოგვიწევს - ჩვენ მზად ვართ რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ. 7-დან 10 საათამდე ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია, შემდგომ მოხდა ესკალაცია და პოლიციის შესაბამის დანაყოფებს ჰქონდათ აბსოლუტურად გასაგები მიდგომა, რომ ყველანაირი ძალადობის გარეშე მაქსიმალური დროის განმავლობაში უნდა გაეძლოთ ამ შემოტევებისთვის. თუმცა, რაღაც მომენტში ეს უკვე გახდა სახიფათო, არამხოლოდ პოლიციისთვის, ეს უკვე გახდა სახიფათო მოქალაქეებისთვისაც. ჩვენ ვსაუბრობთ უბრალოდ სამოქალაქო არეულობაზე, რომლის აშკარა ნიშნებიც არსებობდა. მოკლე პერიოდში, ეს არ იყო პოლიციის დამოკიდებულება, რანაირიც არ უნდა ყოფილიყო. მე არავის არ ვამართლებ, იქ სადაც იყო გადაცდომები, ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვექნება, მაგრამ ეს არ ყოფილა პოლიციასა და მშვიდობიან აქციას შორის, რაღაც ურთიერთობის დარეგულირება. ეს იყო შტურმის მოგერიება, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს რამდენიმე საათი. და პოლიცია თავის თმენის ვალდებულებას, უკიდურეს მდგომარეობაშიც იყენებდა, მანამ სანამ თითოეული პოლიციელის სიცოცხლე არ დადგა საფრთხის ქვეშ, ასევე არ დადგა საფრთხის ქვეშ პარლამენტის შენობა, როგორც ინსტიტუტი და არ არის აქ ლაპარაკი მხოლოდ და მხოლოდ შენობაზე, ეს არის ინსტიტუტი, რომლის აღებასაც და რომლის შტურმსაც შესაბამისი შედეგები მოჰყვებოდა. სწორედ ეს იყო ის მიზეზი და მიზანი, როს გამოც ჩვენ მაქსიმალურად დიდხანს ვიყენებდით თმენის ვალდებულებას. მესმის თქვენი კითხვის პათოსი, მაგრამ მაქსიმალური თმენის ვალდებულება ვერანაირად ვერ ამართლებს პოლიციელის მიერ შემდგომ, რაღაცა ემოციურ ფონზე უფლებამოსილების გადამეტებას და ესეც კარგად გვესმის. ისიც კარგად გვესმის, რომ როდესაც ვსაუბრობთ ასეთ განმარტებებში - დევნიდნენ, დილამდე დასდევდნენ, ეს იყო ერთეული შემთხვევები თითოეულ ეპიზოდზე, დაწყებული იქიდან რა მოხდა ფილარმონიასთან, რა იყო მელიქიშვილზე, რა იყო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, რა იყო გმირთა მოედანზე. ეს ყველაფერი ჩვენ შესწავლილი გვაქვს, ვსწავლობთ და ეს გამოძიების საგანი იქნება“- განაცხადა გიორგი გახარიამ.