გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე: ეს პროვოკაცია გამოიწვევს რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ აგრესიას

8-07-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელსი „რუსთავი 2“ - ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და წერს, რომ ეს პროვოკაცია რამდენიმე მიზანს ემსახურება. 

გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

„რუსთავი 2“-ის, ანუ „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უფრო საშიში და შორსმიმავალია, ვიდრე ზოგიერთ „პოლიტიკოსსა“ თუ „ანალიტიკოსს“ ჰგონია, რომელიც ახლა „გვამშვიდებს“, რომ ერთი ჟურნალისტის გინების გამო არ დაგვბომბავენ და ომს არ დაიწყებენ. სახელდობრ, წინასწარ დაგეგმილი და პარტიულ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული ეს „გინება აქცია“ (ვისაც სჯერა, რომ ეს აქცია არ იყო შეთანხმებული „რუსთავი 2“-ის, ანუ „ნაცმოძრაობის“ ფიურერებთან, ჯობია, აქვე შეწყვიტოს კითხვა) ემსახურებოდა და ემსახურება რამდენიმე მიზანს:

1. რომ დღეიდან ნებისმიერი ქმედება, მიმართული „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტიული ტელევიზიის მიმართ, - სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილებისა და მისი აღსრულების ჩათვლით, - გადაიქცეს პუტინის დავალების შესრულებად. არ არის გამორიცხული, რომ გააფთრებული პუტინის დავალების შემსრულებლად გამოიყვანონ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ სტრასბურგის სასამართლოც, რომლის გადაწყვეტილებაც, როგორც ჩანს, უკვე იციან;

2. სახელმწიფოს მეთაურის გარდაცვლილი დედის საფლავის შეგინება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ყურებად არხზე (სამწუხაროდ) რუსეთის ნებისმიერი მოქალაქისთვის, თუნდაც პუტინის შეურიგებელი ოპონენტისთვის, არის წონადი ემოციური არგუმენტი, რატომ უნდა „დაისაჯონ“ „უმადური“ ქართველები უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციებით და რუსი ტურისტების მხრიდან სრული ბოიკოტით. მიუხედავად ფრენების აკრძალვისა, „ნაცმოძრაობის“ ამ მორიგ პროვოკაციამდე, ბოიკოტის მხარდამჭერი არ იყო და პუტინის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა ძალიან ბევრი რიგითი რუსი მოქალაქე, რომელიც მართლაც შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე და წარმოადგენდნენ ჩვენს ყველაზე ქმედით ელჩებს ამ ქვეყენაში და იმედის საფუძველს, რომ კრიტიკული მასის მიღწევის შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, შეიცვლებოდა ოკუპაციაზე მიმართული პოლიტიკა. მათი უმრავლესობა, მიუხედავად პუტინის მიმართ სიმპათია-ანტიპათიისა, უკვე ან უარყოფითად განეწყო ჩვენი ქვეყნის მიმართ, ან ძალიან გაუჭირდება საქართველოს მხარდაჭერის გახმოვანება. ეს კი, თავის მხრივ, დიდი ხნით გააღრმავებს პოლიტიკურ კონფრონტაციას, გაურკვეველი ვადით გადაწევს ოკუპირებული რეგიონების პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პერსპექტივის გამოჩენასაც კი და გაცილებით მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას და ძალიან ბევრი მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც, თავის მხრივ, აუცილებლად გამოწვევს ხელისუფლებით უკმაყოფილების მკვეთრ გაღრმავებას, და „ომის პარტიის“ გაძლიერებას, რაც არის კიდეც ამ დესტრუქციული ძალის ძირითადი მიზანი.

3. თითქმის 100%-იანი გარანტიით, ეს პროვოკაცია გამოიწვევს რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ აგრესიას, არამხოლოდ რუსი ნაციონალისტების და სეპარატისტების მხრიდან და პუტინის რეჟიმს მისცემს „ლეგიტიმურ“ საფუძველს, რომ მიიღონ 2006 წლის მსგავსი დრაკონული ზომები, რაც „ნაცმოძრაობისთვის“ იდეალურ შემთხვევაში, უნდა დამთავრდეს რუსეთიდან ქართველების ფართომასშტაბიანი დეპორტაციით, რომელიც, ასევე, მკვეთრად გაზრდის ამ ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხის მასას;

4. ამ პროვოკაციების (მათ შორის გავრილოვის ირგვლივ განვითარებული მოვლენების) დამგეგმავ ნაცებს ამოძრავებთ იმედი, რომ ხელისუფლება წამოეგება პროვოკაციას (გუშინ მაუწყებლობის შეწყვეტა და მათი დღევანდელი შემტევი განცხადებები ხელისუფლების მისამართით ამ სცენარში ჯდება) და მართლაც გულწრფელად აღშფოთებული ადამიანების მოთხოვნით განახორციელებს ისეთ ღონისძიებებს გაბუნია/გვარამიას მიმართ, რომელიც მათ ეკლის გვირგვინებს დაადგამს და სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის წამებულის მანტიებში გაახვევს (რაც არ გამოუვიდათ მელიას შემთხვევაში). ეს, მათი აზრით, გარანტირებულად უზრუნველყოფს საზოგადოების თანაგრძნობას (პარადოქსი - ჩვენთან რაც არ უნდა ავაზაკი იყო, თუ თავს მოისაწყლებ და ჩაგრულად გასაღდები, საზოგადოების სიმპათია მაშინვე შენკენ ტრიალდება) და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას, რომელთაც, სიმართლე გითხრათ, უკვე მობეზრდათ „ნაცმოძრაობის“ დესტრუქციული ქცევა.

არ მიყვარს „შეთქმულების თეორიები“, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ამ მიზანმიმართული პროვოკაციების შემდეგ, მე მგონი, აღარ უნდა დარჩეს ვინმე (ნაცსექტანტების გარდა), ვინც დაიჯერებს, რომ „ნაცმოძრაობა“ მხოლოდ „სასარგებლო იდიოტის“ როლს თამაშობდა პუტინის რეჟიმისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ეწეოდა რუსეთთან მტრობის შეგნებულ ესკალაციას, „ფსევდოპატრიოტიზმის“ გაღვივების და მასზე პარაზიტირების მიზნით.

სწორედ ამიტომ მჯერა, რომ მთლიანად საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მტრობის გაღვივების მუდმივი წყარო, პოლიტიკურად დავამთავროთ არჩევნების გზით და პასუხი ვაგებინოთ ამ ქვეყნის წინაშე ყველა დამნაშავეს, რომელთაც ეს მოძრაობა ასეთი შესაშური სისტემატურობით აწარმოებს“. - წერს აკაკი ზოიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930