გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სომხეთში ანალიზისთვის შარდის ნაცვლად ჩაი ჩააბარეს, ლაბორატორიამ კი შარდის ანალიზის შედეგები წარმოადგინა

15-02-2018

სომხეთის ერთ-ერთი ქალაქის საავადმყოფოში ლაბორატორიის თანამშრომლებმა, შარდის ნაცვლად, ჩაის ნაყენის ანალიზი ჩაატარეს და პასუხი გასცეს.

ექსპერიმენტი იმავე სამედიცინო ცენტრის ახალმა დირექტორმა ჩაატარა. ნუნე ავანესიანი სამედიცინო დაწესებულებას 8 თვეა, ხელმძღვანელობს. მან თქვა, რომ ანალიზების ჩატარების ხარისხთან დაკავშირებით მრავალ საჩივარს იღებდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, თავისი თანამშრომლების კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი პირადად შეემოწმებინა.

მედცენტრის დირექტორმა ჭურჭელში ჩაასხა მწვანე ჩაი, რომელიც გარეგნული ელფერით შარდს ჰგავს და მისდა გასაკვირად, „რეალური“ შედეგები მიიღო.

„ისეთი პასუხი მივიღე, თითქოს ეს შარდის ანალიზი იყო – ყველა კომპონენტით – ლეიკოციტები, ერითროციტები, ეპითელი.  ეს ყველაფერი პრაქტიკულად არ შეიძლება ჩაის ნაყენის შემადგენლობაში იყოს. ეს იყო თითქოს პიელონეფრიტით დაავადებული ადამიანის ანალიზის შედეგები“, – თქვა ნუნე ავანესიანმა.

ლაბორატორიის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ „ეს ნებისმიერს შეიძლება შეემთხვეს“ –  მეტიც, ისინი ეჭვობენ, რომ დირექტორმა, შესაძლოა, მათ შესამოწმებლად მხოლოდ ჩაი არ მისცა.

საიდან უნდა ვიცოდეთ, იქნებ იქ შარდიც იყო გარეული. საცდელი კურდღლები ხომ არ ვართ, რა არის ეს? მეც სპეციალისტი ვარ და სხვადასხვა ლაბორატორიაში ბევრი სიბინძურის აღმოჩენა შემიძლია“, – აღშფოთებით ამბობდა ერთ-ერთი ლაბორანტი.

საავადმყოფოს დირექტორი შეგვახსენებს, რომ ამ სპეციალისტებს საქმე ადამიანების ჯანმრთელობასთან აქვთ. დირექტორის მოადგილემ კი აღიარა: შოკში ვარ იმ აზრისგან, რომ ანალიზის ამგვარი შედეგების საფუძველზე, შესაძლოა, ბევრ ავადმყოფს არასწორი მკურნალობა დაენიშნა.

სამედიცინო ცენტრის დირექტორმა გამოკვლევის შედეგების მიღების შემდეგ კრება მოიწვია. 15 თანამშრომლიდან რვამ სამსახურიდან წასვლის განცხადება დაწერა.

სხვათა შორის, სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მედიას აცნობა, რომ თანამშრომლების შემოწმების მიზნით, მან სისხლის ანალიზიც ჩააბარა. მან სამი სხვადასხვა გვარით პირადად ჩააბარა სისხლი, და სამი განსხვავებული პასუხი მიიღო. მისი თქმით, სამივე პასუხი ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებული იყო, თითქოს სისხლი მართლაც სამმა სხვადასხვა ადამიანმა ჩააბარა.

ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან ამ ინციდენტის შეფასება უკვე გაისმა.

„საავადმყოფოს დირექტორი იმისთვის ჰყავს, რომ სამედიცინო ცენტრის ხარისხი გააკონტროლოს. ეს ცალსახად კრეატიული მიდგომაა“, – თქვა ლევონ ალთუნიანმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, აღელვებს თუ არა მას ის ფაქტი, რომ ლაბორატორიებში არაპროფესიონალები მუშაობენ, ლევონ ალთუნიანმა თქვა: „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

jamnews

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930