9-07-2019
„რაც ამ დღეებში ვნახეთ, არის, ღია პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ და მათი მხრიდან იყო მცდელობები, რომ ეს ყველაფერი გადაებრალებინათ ერთი ჟურნალისტისთვის, ასევე იყო მცდელობები, რომ ეს ყველაფერი პატრიოტული საფარის ქვეშ შეეფუთათ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ეს იყო ფარსი, რომელსაც, რეალურად, საერთო არ აქვს პატრიოტიზმთან და დეოკუპაციასთან. მან ასევე აღნიშნა, რომ ის, რასაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები აკეთებენ, არის ქვეყნის განვითარების, მშვიდობისა და პროგრესის წინააღმდეგ, რადგან ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის ეკონომიკას.
„ეს არ არის დეოკუპაცია და ეს არც შეიძლება იყოს. რაც ხდება, ამას უნდა მიეცეს სათანადო შეფასება. არის მცდელობა, რომ ის საგარეო პრობლემები და საშინაო ოც პროცენტიანი ოკუპაცია, რაც ჩვენი ქვეყნის სერიოზული გამოწვევაა, არის მცდელობა, რომ ეს პროვოკაციები, რაც ამ დღეებში მოხდა, გადაიფაროს და გაერთიანდეს იმ პრობლემასთან, რასაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ჰქვია, მაგრამ ამას აქვს თავისი სახელი. ჩვენი პოზიციები და ჩვენი შეფასებები ოკუპაციასთან მიმართებაში არ შეცვლილა, ოკუპაცია არის უკანონო და საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირ კომპრომისს არ აპირებს ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მაგრამ ეს გზა გადის ეკონომიკური განვითარებაზე, ეს გზა გადის უსაფრთხოებაზე, საქართველოს ინტენსიურ ინტეგრაციაზე დასავლეთში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და არა იმაზე, რომ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ჭირდება სტაბილურობა და უსაფრთხოება, შენს ქვეყანას მოუწყო დესტაბილიზაცია ქვეყნის შიგნით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მომხდარი მტრის წისქვილზე წლის დასხმა და ახალი თაობის ძალადობრივი და დესტაბილიზაციის სცენარისთვის გამოყენებაა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არავის მისცემს საშუალებას, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ქვეყნის უსაფრთხოება და საზოგადოების ინტერესები.
„ეს არის, რეალურად, შენი მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, ეს არის ახალი თაობის გამოყენება ძალადობრივი და დესტაბილიზაციის სცენარისთვის, რაც ჩვენ ვნახეთ რუსთაველზე, როდესაც ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა მშვიდობიანი აქცია გამოიყენა ძალადობრივი სცენარისთვის და ეს არის ხაზის გადასმა ყველაფრისთვის, რაც შენს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება. რა დგას მეორე მხარეს? მეორე მხარეს დგას „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთი პოლიტიკური ჯგუფის ვიწრო ინტერესები, რომ ნებისმიერ ფასად, თუ ისინი ხელისუფლებაში არ იქნებიან, მაშინ არაფერს აზრი არ აქვს, არც ქვეყნის ინტერესებს, არც საზოგადოების ინტერესებს, მთავარი მათთვის არის, რომ როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ სწრაფად, ოღონდ იციან, რომ არჩევნებით ამის გაკეთება არ აწყობთ, ვერ შეძლებენ და ამას სჭირდება დემოკრატიული პროცესი, ამას სჭირდება ჩართულობა, შრომა. მათ უნდათ, რომ სწრაფად, დესტაბილიზაციის გზით, მიიღონ ხელისუფლება. ეს არის რეალურად, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, მაგრამ ამის შესაძლებლობას ჩვენ არ მივცემთ არავის. არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი საზოგადოების ინტერესები. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში, სამართლიანად, თუმცა, ძალიან პრინციპულად. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რამე პროვოკაციაში შევიდეთ მათთან და არ ვაპირებთ, რომ მედიას ან კონკრეტულ ადამიანებს სახელმწიფო დაემუქროს უკანონოდ. ეს გამორიცხულია. ეს გზა რთულია, ასეთი დემოკრატია მოითხოვს მეტი ფასის გადახდას ჩვენი მხრიდან, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ მეტი ფასი გადავიხადოთ დემოკრატიაში, იმიტომ, რომ იაფფასიანი დემოკრატია უკვე ვნახეთ და სადამდე მიიყვანა იაფფასიანმა დემოკრატიამ ქვეყანა, ესეც ვნახეთ. ეს გზა არის გასავლელი და ჩვენ მშვიდად და საქმიან რეჟიმში, მაქსიმალურად რაციონალური არგუმენტებით, მაქსიმალურად უსაფრთხოდ გავივლით ამ გზას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.