11-07-2019
„მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: “ ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია,“- ამბობდა ვაჟა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამორიცხავს კოსმოპოლიტობას და ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნადვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი. ყველა კოსმოპოლიტი ემსახურება თავის ქვეყანას და ცდილობს, რომ უფრო გაზარდოს და განავითაროს ის. ეს გამოთქმა უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა და ეს მოწმობს თავისთავად გლობალიზაციას. ასი წლის წინ ჯერ კიდევ ბატონმა ვაჟამ ბრძანა ეს და ეს გლობალიზაცია გულისხმობდა ადამიანებისა და ქვეყნების დაახლოებას“, - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ასევე საქართველოს მთავრობის წევრები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მაღალი დონის მონაწილეთა შორის არიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეფან კუბივი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, სლოვაკეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოკოლ დედია, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი შესტაკოვი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი აუდუნ ჰალვორსენი, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერი კლაუდია როტი, რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტი ფლორინ იორდაჩე, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კერსტინ ლუნდგრენი.
საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირებით.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის სესიების მოდერატორები მედიის ცნობილი წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან.
კონფერენცია 12 ივლისს დასრულდება.