11-07-2019
საქართველო უკვე არის სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფანი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე გადის მილსადენები, რომლებითაც თურქეთს და ევროპას მიეწოდება კასპიის ზღვის ნავთობი და გაზი, ასევე ახალი საავტომობილო და რკინიგზის ქსელები, რაც აქცევს საქართველოს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად.
„ჩვენი შავიზღვისპირა პორტების შემდგომი განვითარება ასევე განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის როლს. თუმცა რეგიონული ცენტრის როლი არ არის ერთადერთი რამ, რაც იზიდავს ინვესტორებს საქართველოში. ჩვენი ყოვლისმომცველი ეკონომიური ხედვა ეფუძნება სამნაწილიან სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მომგებიანობის გაზრდას.
„პირველ რიგში, ჩვენ ვიყენებთ ჩვენს უნიკალურ სტრატეგიულ მდებარეობას, ბუნებრივ უპირატესობებს და გონივრულ ფინანსურ მმართველობას ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, რომლის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 5%-ს. ჩვენ ვახორციელებთ მნიშნელოვან ინვესტიციებს ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, რასაც ემსახურება ასევე ჩვენი საგანანმანათლებლო რეფორმა, რომელიც კიდევ უფრო ფართო გზას გაუხსნის ჩვენი მოქალაქეების პოტენციალს. ჩვენ დავხარჯავთ ეროვნული ბიუჯეტის მეოთხედს განათლებაზე და საგანმანათლებლო ინდუსტრიებზე, და ჯამში კერძო სექტორთან ერთად გაწეული ფინანსები შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 12%-ს, რის შედეგადაც განათლება იქცევა ჩვენი ეკონომიკის წამყვან სექტორად. ჩვენი ტექნოლოგიებში დახელოვნებული და განათლებული სამუშაო ძალა უკვე გასულია საერთაშირისო ასპარეზზე. ჩვენი სურვილია, საქართველო დადგეს გლობალური ცოდნის რევოლუციის ავანგარდში. ამ ძალისხმევის ფარგლებში ჩვენ ვაშენებთ მაღალი ტექნოლოგიების ინჟინერიის და სხვა თანამედროვე სფეროების ახალ სპეციალიზებულ სკოლებს. საქართველო ფაქტობრივად პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც საჯარო მომსახურების მიწოდებაში დაინერგა ბლოკჩეინის ტექნოლოგიები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, ის, რომ საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, ყველაზე ეფექტიანი გზებით მოხდეს.
„მეორე, ჩვენი მიზანია, გავხდეთ ოქროს სტანდარდი ბიზნესის წარმოების სიმარტივის და იურიდიული გამჭვირვალობის კუთხით. დღეს საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქის თვალსაზრისით, ასევე მე-6 ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში, მსოფლიო ბანკის თანახმად. გარდა ამისა, კანონის უზენაესობის ინდექსში ჩვენ შევდივართ ევროპის 20 მოწინავე ქვეყნის რიცხვში. მესამე, საქართველო იქცევა გლობალური ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად. საქართველო მდებარეობს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების უზარმაზარი და ექსპორტის პრეფერენციული რეჟიმების მზარდი ქსელის გულში, რომელიც მოიცავს ევროკავშირს, თურქეთს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებს. საქართველო არის პირველი ქვეყენა რეგიონში, რომელმაც გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან. ჩვენს პარტნიორებს აქვთ შესაძლებლობა, გასწვდნენ 2,3 მილიარდი მომხმარებლის დაუბეგრავ ბაზრებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.