11-07-2019
თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას წინასასამართლო სხდომა დაიხურა.
პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ რადგან საქმე ეხება არასრულწლოვნებს, სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართოს. ამ შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა, რაც მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დააკმაყოფილა.
დღევანდელ სხდომაზე, საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, იმსჯელებენ კალანდიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე.
ბრალდების მხარე კალანდიას კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ფიქრობს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს და კალანდია უნდა გათავისუფლდეს.
ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც წარდგენილ ბრალდებას ადასტურებს, მათ შორის მოწმეების ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება და ადვოკატი ამბობს, რომ მტკიცებულებებში დანაშაულის იარაღიც არ არის მითითებული.
მოსამართლემ ასევე დღევანდელ სხდომაზე მხარეს უთხრა, რომ მას უფლება აქვს ნაფიცი მსაჯულების განხილვითაც ისარგებლოს.
მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, მიხეილ კალანდიამ განაცხადა, რომ ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ამასთან, ბრალდებულის ძმა, ლუკა კალანდია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს იმ განცხადების გამო, რომელიც მიხეილ კალანდიას მიმალვის მცდელობას ეხება.
არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიმდინარე წლის 6 ივნისს შეუფარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით 4 ივნისს დააკავა. გამოძიება მიხეილ კალანდიას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას ედავება.