11-07-2019
საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, - ამის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზაჰარიევამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში არსებულ მიღწევებს, საქართველო-ბულგარეთის ორმხრივ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა.
ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში, რომელიც აპრილში გაიმართა.
განიხილეს თბილისსა და სოფიას შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების პერსპექტივა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას.
ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და აღნიშნა, რომ ეს კურსი როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში გაგრძელდება.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.
პრემიერ-მინისტრმა ბულგარეთის ვიცე-პრემიერს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.