14-07-2019
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 20-21 ივნისის მოვლენებს ეხმიანება
"რატომ არის რომ, ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან მოვლენაზე, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს შექმნას რეალობის ალტერნატიული ვერსია და მოახდინოს ტყუილის ტირაჟირება? იმიტომ რომ სიმართლე არასდროს არ არის ამ დესტრუქციული ოპოზიციური ძალის მხარეს. სიმართლე კი დღეს პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე განცხადდა კიდევ უფრო მკაფიოდ და ხაზგასმით: ნიკანორ მელია და ძმანი მისნი 20- 21 ივნისს დესტრუქციული და ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩეოდნენ და სწორედ ამის დამსახურებაა შტურმი პარლამენტის სასახლეზე და ძალადობა პოლიციელებზე. ეს საგამოძიებო ვერსია გამყარებულია არაერთი მტკიცებულებით და რაც ყველა მთავარია, საზოგადოებას პირდაპირი ეთერებიდან ახსოვს კონკრეტული პოლიტიკოსების და მოძალადეების ქმედებები და ამ ამბიდან არც თუ დიდი დროა გასული.
მოვუწოდებ ნაციონალურ მოძრაობას, შეწყვიტოს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, სასურველი რეალობის შექმნის მცდელობა, ითანამშრომლოს საგამოძიებო სტრუქტურებთან და პასუხი გასცეს მთავარ კითხვას:
რატომ მოუწოდებდა ნიკა მელია მოძალადეთა ჯგუფს პარლამენტის სასახლეში ძალადობრივად შეჭრისკენ და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან რა მიზანს ემსახურებოდა პოლიტიკური პროცესების ესკალაციის მცდელობა?!" - წერს მათიკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.