გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ პოლიტიკური შტურმი მიმდინარეობს

17-02-2018

“ჩვენ გვამოძრავებს ძალიან მარტივი მიზანი - გვინდა, რომ ეს ათეულობით მილიონი, ჩვენი მოქალაქეების ფული დაიხარჯოს მიზნობრივად და მოემსახუროს იმას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მინიმალური სოციალური გავლენა შეიძინოს. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, მედიაორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


ირაკლი კობახიძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ პოლიტიკური შტურმი მიმდინარეობს.


„ამ პოლიტიკურ შტურმს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ჩვენ ყველა ვხედავთ, ვაკვირდებით რამდენიმე თვის განმავლობაში, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. უკვე აღვნიშნე დღეს სხდომაზე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ვითარებას თუ გავაუმჯობესებთ, თორემ იქ რაიმეს გაუარესება შეუძლებელია. წლების განმავლობაში, ათეულობით მილიონი იხარჯებოდა ჩვენი გადამხდელების ფული იმაზე, რომ დაწერილიყო ნულოვანი რეიტინგი და ამას ყველა გულგრილად უყურებდა, მათ შორის, ის ადამიანები, რომელებსაც მიტანილი აქვთ შტურმი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ჩვენ გვამოძრავებს ძალიან მარტივი მიზანი - გვინდა, რომ ეს ათეულობით მილიონი, ჩვენი მოქალაქეების ფული დაიხარჯოს მიზნობრივად და მოემსახუროს იმას, რომ შეიძინოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მინიმალური სოციალური გავლენა. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისი თქმით, მიზნის მისაღწევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საკანონმდებლო ცვლილებები იყო. „სწორედ ამას ემსახურებოდა ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა რეკლამასთან, შესყიდვებთან დაკავშირებით. ჩვენ დამატებით ვიმსჯელებთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა, ვიტყვი დღეს, რომ მე დავრწმუნდი ჩემი არგუმენტების წყების სისწორეში. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გაუმჯობესდება ვითარება იმ ცვლილებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გაურესებით არაფერი არ გაუარესდება. ანუ არ მიადგება ზიანი არავითარი ფორმით და ხარისხით კერძო ტელე-მაუწყებლებს. ამაში დავრწმუნდით იმ მსჯელობის საფუძველზე, რომელიც დღეს წარიმართა. საპირისპირო მყარი არგუმენტები ჩვენ დღეს ვერ მოვისმინეთ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკურ შტურმს აქვს ახსნა, თუმცა გაუმართლებელია. მისივე თქმით, აღნიშნულში არა მხოლოდ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი იღებდა მონაწილეობას. პარლამენტის თავმჯდომარის აზრით,ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და „რუსთავი 2“-ის იურისტი თამთა მურადაშვილი კონკრეტულ პარტიულ ინტერესებს ატარებენ.


„მე ზოგადად ვსაუბრობდი პოლიტიკურ შტურმზე და ამ შტურმის მონაწილეები არიან არამხოლოდ ეს სუბიექტები, ანუ, ასე ვთქვათ, პარტიული აქტივი, რომელსაც წარმოადგენდა ამ შემთხვევაში როგორც ჯანგირაშვილი, ასევე, მურადაშვილი, ამშტურმის მონაწილეები არიან სხვა მონაწილეებიც. ეს შტურმი არის ახსნადი. ახსნა აქვს მას პოლიტიკური, თუმცა, გამართლება არავითარი არ აქვს. არ შეიძლება, ეწინააღმდეგებოდე იმ იდეას, რომ შენ გინდა, სოციალური გავლენა მოიპოვოსსაზოგადოებრივმა მაუწყებელმა. დღეს რამდენიმე ტყუილში ვამხილეთ ჯანგირაშვილი და ეს იყო რეალურად მიზეზი, რატომაც დატოვა მან სხდომათა დარბაზი. მას მოჰყავდა, მათ შორის, არასწორი მონაცემები სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით, 25 მილიონით არის გაზრდილი ამ 3-4 წლის განმავლობაში სარეკლამო ბაზარი და ის აბსოლუტურად მცდარი მონაცემების მოწოდებით ცდილობდა, რომ საპირისპირო დაემტკიცებინა. ტყუილები არის ამ, ასე ვთქვათ, პარტიული აქტივისდამახასიათებელი ნიშანი. მათ შორის, ვიგულისხმე ჯანგირაშვილი და მურადაშვილი, რომლებიც კონკრეტული პარტიის ინტერესებს გამოხატავენ. ეს არის ის პოლიტიკური წრე, რომელიც ფიქრობს რევანშზე. ეს რევანში, ბუნებრივია, ვერ შედგება,თუმცა, ისინი ბრძოლას განაგრძნობენ. ისინი არიან ერთგულნი საკუთარი პოლიტიკური პარტიის მიმართ“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძის თქმით, მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა ხელისუფლებაზე შტურმის მისატანად აქვთ გამოყენებული.


„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და შესაბამისად, ის პროცესები, რომელიც ხორციელდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, მათ შორის, კანონპროექტის განხილვის სახით, ბუნებრივია, დაკავშირებულიახელისუფლებასთან და ისინი ცდილობენ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე შტურმის მიტანით მიიტანონ საბოლოოდ შტურმი ხელისუფლებაზე, თუმცა, ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა. საბოლოო ჯამში, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომარ გაიფლანგოს საბიუჯეტო თანხები ჩვენი მოქალაქეების, ისე, როგორც იფლანგებოდა წლების განმავლობაში, ზუსტად იმ ხელისუფლების პირობებში, რომელსაც წარმოადგენენ ჯანგირაშვილი და მურადაშვილი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, ამავე შტურმში ჩართულია არასამთავრობო სექტორის ნაწილიც.


„არის პოლიტიკური შტურმი, მასში ჩართულნი არიან სუბიექტები, ზოგი ნებით, ზოგი უნებლიედ. მათ შორის, არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები, ისინი ასოცირებული არიანკონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან, შესაბამისად, მათაც ამოძრავებთ პოლიტიკური ინტერესები“-აღნიშნა კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებობს კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში დემპინგს გამორიცხავს.


„მე კიდევ ერთხელ განვმარტავ იმას, რაც განვმარტე იურიდიულად. შეუძლებელია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ას ლარიანი ფასი დააწესოს ათას ლარიან რეკლამაზე. ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ამის იდენტიფიცირება შეუძლია აუდიტის სამსახურს, პროკურატურას. შესაბამისად, ვერავინ ვერ გააკეთებს ამას საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს არის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. აქედან გამომდინარე, არსებობს კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში დემპინგს გამორიცხავს“-განაცხადა კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი პირადი მოსაზრება ვეტოს დაძლევაა, თუმცა, კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში მსჯელობის შემდეგ იქნება მიღებული.


„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო უნდა დავძლიოთ და მივიღოთ ის კანონპროექტი, რომელიც თავიდანვე მივიღეთ, თუმცა, გვექნება დამატებითი მსჯელობა საპარლამენტო უმრავლესობასთან და საბოლოოდ, იქ შევჯერდებით გადაწყვეტილებაზესაპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031