გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა

17-02-2018

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ კანონმდებლებს ზოგადი პრინციპების დონეზე გააცნო ერთ პაკეტად წარმოდგენილი კანონპროექტები:


„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.


საკანონმდებლო პაკეტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილებზე კონსტიტუციითა და შრომის კოდექსით განსაზღვრული შრომითი უფლებების დაცვას და დისკრიმინაციული შემთხვევების თავიდან აცილებას.


პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პაკეტის მომზადება განპირობებულია შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობების ყველა ეტაპზე პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობით, ასევე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებით, რომელიც ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას ითვალისწინებს.


„ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების თანახმად, საქართველომ ეტაპობრივად უნდა დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. ამ მიზნით 2018 წელს ჩვენ გვაქვს რამდენიმე დირექტივის შესრულების ვალდებულება, რასაც ემსახურება წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე თამარ ბარკალაიამ.


კანონპროექტის ძირითადი არსია პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა განამტკიცოს არამარტო შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობებში, არამედ წინასახელშეკრულებო ურთიერთობებშიც, რაც მოიცავს ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის დაუშვებლობას რაიმე ნიშნით.


კანონპროექტით განსაზღვრულია დამსაქმებლის ვალდებულება, მიაწოდოს ინფორმაცია კანდიდატს პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დებულებების თაობაზე. იგი ასევე შეეხება პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის მიზნით, სოციალური დიალოგის განვითარებასა და ხელშეწყობას ყველა დონეზე.


წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს რასობრივი თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელების თაობაზე ევროსაბჭოს დირექტივისა და დასაქმებისა და შრომითი საქმიანობის საკითხებთან მიმართებით თანაბარი მოპყრობის ზოგადი სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ საბჭოს დირექტივის მოთხოვნებს.


,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ვალდებულებას აამაღლოს საჯარო მოხელეთა ცნობიერება დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე, ითვალისწინებს რასობრივი თუ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელების თაობაზე და დასაქმებისა და შრომითი საქმიანობის საკითხებთან მიმართებით თანაბარი მოპყრობის ზოგადი სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ დირექტივების მოთხოვნებს.


,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტის ძირითადი არსია განამტკიცოს პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, განათლების, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში. პროექტი ასევე ადგენს აკრძალვას პირისთვის მითითების მიცემის შემთხვევაში, განახორციელოს მესამე პირის მიმართ დისკრიმინაცია.


„გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უზრუნველყოფილი იქნება ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების მიწოდება და ხელმისაწვდომობა სქესის ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე, მათ შორის დაზღვევის და ფინანსური სერვისების მიწოდებისას.


სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები წარადგინეს.


როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით, სამინისტრომ ცოტა ხნის წინ, კოალიცია „თანასწორობისათვის“ წარმომადგენლებისგან წერილობითი რეკომენდაციები და შენიშვნები მიიღო. მისი თქმით, გარკვეული მათგანი არის არგუმენტირებული ამიტომ, სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად, გეგმავს აღნიშნულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმსჯელოს.


„ჩვენ არ გვქონდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ ეს შენიშვნები განგვეხილა. ვინაიდან შენიშვნები არის საკმაოდ მასშტაბური და კომპლექსური საჭიროებს დისკუსიაში მთავრობის სხვა უწყებების ჩართულობას. გარკვეული შემოთავაზებები არის არგუმენტირებული, ამიტომ ვაპირებთ, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განვიხილოთ აღნიშნული შემოთავაზებები და მეორე მოსმენისთვის წარმოგიდგინოთ განახლებული ვერსია“, - განმარტა თამარ ბარკალაიამ.

„მნიშვნელოვანია რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები იდგმება, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არ არის საკმარისი და ბევრად უფრო მეტი იქნება გასაკეთებელი“, - განაცხადა სხდომაზე ირინე ფრუიძემ.


თამარ ხულორდავას განცხადებით კანონპროექტთა წარმოდგენილი პაკეტი არის მნიშვნელოვანი ინიციატივა თუმცა, როგორც აღნიშნა, იმისთვის, რომ განხორციელდეს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 2000/43/EC, 2000/78/EC და 2004/113/EC დირექტივების სრულად ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში, კომიტეტს აქვს შენიშვნები და წინადადებები რომელიც დასკვნაში აისახება.


„ყველანი ვთანხმდებით რომ ინიციატივა მნიშვნელოვანია. თუმცა, გვაქვს კონკრეტული წინადადებები. მათ შორის ვიზიარებთ იმ პოზიციებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ და რომელიც ჩვენი კომიტეტის დასკვნაშიც აისახება“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.


როგორც სხდომაზე შეთანხმდნენ, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე შედგება.

,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ წარადგინა.


როგორც მომხსენებელმა განმარტა, სამინისტროს მიერ მომზადებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელიკანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან. კანონპროექტი ითვალისწინებს ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას წამლისა და ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელ მექანიზმებში. „თუმცა ახალი კანონის მიღება და შემდეგ იმპლემენტაცია მოითხოვს გარკვეულ ვადებს, რამაც შეიძლება მოიცვას ერთიდან სამ წლამდე პერიოდი. აღნიშნულ პერიოდში მოქმედებაში იქნება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოსმოქმედი კანონის სათანადო მუხლები. აქედან გამომდინარე, მართებულია, არსებულ კანონში გასწორდეს ყველა ის ხარვეზი, რაც ქმნის პრობლემებს წამლისა და ფარმაცევტული სფეროს რეგულირების მიმართულებით“, - აღნიშნა მომხსენებელმა.


წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით განხორციელდება ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონდებლობასთან. კანონპროექტით განიმარტება პროგრესული თერაპიის, ბიოტექნოლოგიური პროცესის მეშვეობით მიღებული ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებები და რეგულირების მექანიზმები, ახალი ტექნოლოგიური პროცესით წარმოებული ბიოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზედაშვების ან საქართველოში მათი კლინიკური კვლევების განხორციელება.


წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება ტერმინთა დამატება და გარკვეული ტერმინის ცვლილება.


კანონპროექტს ემატება ახალი მუხლი - ფარმაკოლოგიური საშუალებების კლინიკამდელი და კლინიკური კვლევა.


ასევე, განისაზღვრება, რომ პროგრესული თერაპიის სამკურნალო საშუალებები საქართველოს ბაზარზე დაიშვება აღიარებითი რეჟიმით იმ შემთხვევაში, თუ იგი დაშვებულია ევროპის წამლის სააგენტოს ან აშშ წამლისა და საკვები პროდუქტებისსააგენტოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე.


სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების ვადად განსაზღვრულია 5 წელი.


პროექტი ასევე, ითვალისწინებს რეგისტრაციის პროცედურის გამარტივებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031