23-07-2019
„თითოეული თქვენგანი ბევრს აკეთებს, რომ მართლმსაჯულება სრულფასოვნად განხორციელდეს, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა იყოს დაცული. ამავე დროს, თითოეული თქვენგანი არის უფრო ძლიერი, იმიტომ, რომ ასოციაცია არსებობს, სადაც ხდება საერთო საკითხების განხილვა, პროფესიული სტანდარტების განვითარება და ცოდნის გაზიარება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე - „სანდო მართლმსაჯულება, დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება: გამოწვევები და შესაძლებლობები“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ადვოკატთა ასოციაციას ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ასოციაციის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა მიმდინარე რეფორმების პროცესში.
„დღის წესრიგშია მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა, სადაც მივესალმებით თითოეული თქვენგანის, ყველა მხარის ჩართულობას და იმ შესაძლო ფართო კონსესუსს, რომელიც ამ ცვლილებებთან დაკავშირებით არის მიღწეული. მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ პარლამენტი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ ცვლილებების განხილვასა და დამტკიცებას უკვე საშემოდგომო სესიაზე. ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ეხება იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას, მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და შემდგომ ინსტიტუციონალიზაციას; ეხება დისციპლინური სამართალწარმოების საკითხს და უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. თითოეული ეს საკითხი ძალიან მაღალი მნიშვნელობისაა და წარსულში გატარებულ რეფორმებთან ერთად, არსებითად აუცილებელია, რათა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა სანდოობის და ეფექტიანობის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე დავაყენოთ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა ადვოკატის პროფესიისა და ასოციაციის საქმიანობის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ დადებითად აფასებს იმ გზავნილებს, რომლებიც დღევანდელ კონფერენციაზე, ადვოკატთა ასოციაციის წევრების მხრიდან გახმოვანდა.
„მივესალმებით დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს საზოგადოებას, სახელმწიფოში კონტროლისა და ბალანსის მექანიზმების ფუნქციონირებას, მაგრამ, ამავე დროს, თქვენ, როგორც ასოციაცია, ავითარებთ ამ პროფესიას, სტანდარტებს და ერთმანეთს ცოდნას უზიარებთ. ამაშია თქვენი გაერთიანების და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში თქვენი მონაწილეობის ძალაც. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მივესალმები იმ გზავნილებს რაც დღეს გქონდათ, დემოკრატიულ სახელმწიფოში პროფესიული ასოციაციები სწორედ ასეთი ტონით უნდა საუბრობდნენ”,- მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ ადვოკატთა ასოციაციის წევრებს პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი ღიაა თანამშრომლობისთვის ყველა იმ მიზნის გარშემო, რომლებიც დემოკრატიის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაციას, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და ეკონომიკის გაძლიერებას უკავშირდება.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა. ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა პარლამენტის წევრებმა მიიღეს, პანელური დისკუსიებით გაგრძელდა.