24-07-2019
ქართული არასამთავრობოები საერთაშორისო ორგანიზაციებს „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიმართავენ. ამის შესახებ მათ წერილი გავრცელეს.
წერილის ადრესატები არიან: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, ეუთოს წარმომადგენელი მედია თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებების საკითებში ეიმონ გილმორი, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი ჯოან ბერი,„ამნესტი ინტერნეიშენალის“ გენერალური მდივანი კუმი ნაიდუ, „ჰიუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია,„ფრიდომ ჰაუსის“ ევროპისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორი მარკ ბერენტი, „ევროპის ჟურნალისტების ასოციაციის“ პრეზიდენტი ოტმარ ლაჰოდინსკი, „პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ლუზ კინკელი, „მეცხრამეტე მუხლის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სარა კლარკი, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ხელმძღვანელი ქეთრინ ქეროლი, „ჟურნალისტთა ევროპული ფედერაციის“ ხელმძღვანელი რიკარდო გუტიერეზი, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ აღმასრულებელ დირექტორი მარკუს სპაილმენი, „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ გენერალური მდივანი ენტონი ბილანჯერი.
"მოგმართავთ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აღსრულდა საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“-ის მფლობელი შეიცვალა. ასევე, მაუწყებლის ახალმა მფლობელმა დანიშნა ტელევიზიის ახალი დირექტორი. ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კრიტიკული მაუწყებლის მფლობელისა თუ მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე, რაც პრაქტიკაში ხელისუფლების მიმართ ლოიალურ მიდგომებში გამოიხატება. მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს საქართველოში არსებული მედიაგარემო და შეზღუდოს მედიაპლურალიზმი. ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო განცხადება გაავრცელა.
ოპოზიციასთან აფილირებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გამოირჩევა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი არ მალავდნენ, თავიანთ უკმაყოფილებას “რუსთავი 2”-ის მიმართ და გამოხატავდნენ სურვილს მისი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით.
მიუხედავად ახალი მფლობელის განცხადებისა, რომ არ აპირებს მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასა და ჟურნალისტებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტას, კვლავაც არსებობს ლეგიტიმური ეჭვები, რომ ეს განცხადებები საფუძველს მოკლებულია. ამ ეჭვებს ამყარებს შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოება:
ხელმომწერი ორგანიზაციები გთხოვთ, ყურადღებით მიადევნოთ თვალი „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ აიყვანოთ ეს საქმე. მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა და არ დაირღვეს ჟურნალისტების შრომითი უფლებები",- წერია წერილში.
18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.