25-07-2019
ხალვაშისგან ვიცი, მას ერთგვერდიან დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და არც უნახავს. შესაბამისად, რადგან ხალვაშის ხელმოწერაა იქ, ყალბია. ვენდობი ამ ადამიანს, მჯერა და ლოგიკურადაც არ მოაწერდა არავინ ამგვარ ხელშეკრულებას ხელს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "რუსთავი 2"-ის ახალი მეპატრონის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან განუცხადა.
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ქიბარ ხალვაშს კალიგრაფიული ექსპერტიზა ჩაუტარდა. როგორც სალია განმარტავს, დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის.
ექსპერტიზის ბიუროში ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე ფურცელზე მოაწერა ხელი, რასაც ირაკლი ოქრუაშვილის წარმომადგენელიც ესწრებოდა.
"ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოში სადაც იხილებოდა ოქრუაშვილის მოთხოვნა, თანხის დაკისრების თაობაზე ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ, წარმოდგენილი იქნა დოკუმენტი, რომლითაც "რუსთავი2"-ის წილებზე პრეტენზიას აცხადებს ბატონი ოქრუაშვილი. ჩემი შუამდგომლობით, ქიბარ ხალვაშთან შეთანხმებით, მოთხოვილი იქნა კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება იმ დოკუმენტზე, რომელიც წარდგენილი იყო სასამართლოში. სასამართლოს დაახლოებით, 8 თვის წინ მივმართე. ვინაიდან ბატონი ქიბარი საქართველოში არ ცხოვრობს, რამდენჯერმე შეუთანხმებლობის გამო, ვერ მოხდა დროულად აქ მოსვლა. აბსურდულად მიგვაჩნია ის მოთხოვნები, რაც სარჩელში იყო", - აცხადებს სალია.
მისივე განმარტებით, მათი სიმართლის დასადასტურებლად რამდენიმე ფაქტი აქვთ.
"ჩვენი სიმართლის დამადასტურებელი არის რამდენიმე ფაქტი, დოკუმენტი და გარემოება. თუ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერას, რომელიც სხვა დოკუმენტზე არის გაკეთებული, შეადარებთ ამ დოკუმენტზე გაკეთებულ ხელმოწერას, ვიზუალურ განსხვავებას ნახავთ. თუმცა, ექსპერტები არ ვართ და ეს საქმე ექსპერტებს მივანდოთ. არსებობს 3 ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის ერთი საფრანგეთშია ჩატარებული, ორი საქართველოში. ექსპერტს ოქრუაშვილმა ერთგვერდიანი დოკუმენტის დედანი წარუდგინა, სადაც 7 მილიონზე და „რუსთავი 2“-ის წილებზეა საუბარი. ასევე წარუდგინა ერთი დოკუმენტი - ხელშეკრულება ეროსი კიწმარიშვილსა და "გლობალ მედიას" შორის, რომლის მეწილეც და დირექტორიც ქიბარ ხალვაში იყო. ეს სხვა გარიგებას ეხებოდა. ქიბარ ხალვაშმა 2010 წლის 4 თებერვალს ბერლინში ხელი მოაწერა ცალხმხრივად ამ შეკრულებას. ეს ეგზემპლარები უნდა წაეღოთ პარიზში, სადაც ეროსი კიწმარიშვილი ცხოვრობდა და ხელი მოეწერა. ასეც მოხდა.
დღეს ხელთ გერმანელი ნოტარიუსის წერილი გვაქვს და მისი არქივიდან გადმოგზავნილი დოკუმენტი, სადაც ცალსახად ჩანს, რომ როცა მასთან ქიბარ ხალვაში მივიდა, მხოლოდ ბოლო გვერდზე მოაწერა ხელი. ანალოგიური რამ მოხდა ეროსი კიწმარიშვილთან პარიზში, როცა ბოლო გვერდზე მოაწერა ხელი. გვაქვს ერთი ერთგვერდიანი დოკუმენტი თითქოს ხალვაშის და ოქრუაშვილის ხელმოწერა და მეორე დოკუმენტი, სადაც ბოლო გვერდებზე ხალვაშის და კიწმარიშვილის ხელმოწერაა. ჩვენთვის გაურკვეველი მანქანებით მოხდა ხელმოწერების გაჩენა ყველა გვერდზე. ეროსი კიწმარიშვილის ხელმოწერა ეტყობა რთული გასაყალბებელი იყო და ინიციალებია დასმული. ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაც განსხვავებულია", - აცხადებს სალია.
ცნობისთვის, კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს, 2010 წლის 4 თებერვალს, ბერლინში დადებულ შეთანხმებაზე შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის თუ არა ქიბარ ხალვაშის. აღნიშნული ხელშეკრულება "რუსთავი 2"-ის წილების საკუთრებას ეხება.