გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარვის გაშლის უფლებას აღარ აძლევენ

25-07-2019

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობის წინ კარვის დადგმა ისევ სურს, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.


როგორც პარლამენტთან მყოფმა, საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმამ კახა ბუხრაძემ მაჩალიკაშვილს განუცხადა, „ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიაჩნიათ კარვის დადგმა, ვინაიდან, აღნიშნულ ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება“.


კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი, მაჩალიკაშვილი კარავს მაინც დადგამს, რა იქნება საპატრულო პოლიციის სამოქმედო გეგმა, პოლიციელი აცხადებს, რომ „სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედებენ“.


თავის მხრივ, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ის კარავს დადგამს.


„ვაპირებ კარვის დადგმას, პატარა კარავია. 11 თვის განმავლობაში ჩემი აქცია არ შეწყვეტილა დღე და ღამე. მითხარით, რატომ მოკალით ჩემი შვილი, თუ მოკალით, დამნაშავე იყო თუ არა? თუ იყო, დამიდეთ რამე ფაქტი, თუ არ იყო, აღიარეთ სახელმწიფომ დანაშაული. შიგნით საუბრობენ იმაზე, დიახ, ჩვენ დავაშავეთ, ეს იყო შეცდომა და მაჩალიკაშვილთან მოლაპარაკება უნდა შედგესო. არავითარი მოლაპარაკება არ შედგება, სანამ არ იტყვიან, რომ მძინარე ბავშვი მოკლეს, რომ ამ დანაშაულის „გასაპრავებლად“ ის ბავშვი ტერორისტად გამოვაცხადეთო. ამას ვითხოვ 429 დღე-ღამეა. აქ რაც გამოვიარე, არავის ვუსურვებ“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარავი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა გაშლილი, თუმცა 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ და იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტთან შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს, კარვის დროებით აღების გადაწყვეტილება მიიღო.






https://www.interpressnews.ge/ka/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031