გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ ნიკოლაშვილი: დღეს ოქრუაშვილი კვლავ პატიმარია და არავის დედამიწის ზურგზე არ ადარდებს მისი პოლიტიკური ბედი, წარსულის ერთი მუჭა პოლიტიკოსების გარდა

26-07-2019

„დღეს ოქრუაშვილი კვლავ პატიმარია და არავის დედამიწის ზურგზე არ ადარდებს მისი პოლიტიკური ბედი, წარსულის ერთი მუჭა პოლიტიკოსების გარდა“, - წერს სოციალურ ქსელში საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი.

„2007 წლის 27 სექტემბერს პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც ინგა გრიგოლიასთან ილაპარაკა სააკაშვილის დანაშაულების შესახებ და მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთაზე. არადა რამდენიმე თვით ადრე ის ჯერ კიდევ მინისტრად მუშაობდა.

მის დაპატიმრებას მოჰყვა უმწვავესი საღამოს ეთერები. საჯარო სივრცეში გამოჩნდა გაბრაზებული ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც მოგვიანებით მთელი საპროტესტო მოძრაობის ლიდერად იქცა. სწორედ აქედან დაიწყო ოპოზიციის აქტიური ბრძოლა „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, ჩატარდა 2 ნოემბრის დიდი აქცია, მას მოჰყვა 7 ნოემბერი, ომი („მიშას ამოსუნთქვა“), საკნები, 26 მაისი და რეჟიმის სრული დელეგიტიმაცია.

2007 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი. საქართველოში ამ ხნის მანძილზე გარდაიცვალა 600 ათასი ადამიანი და ამდენივე გახდა სრულწლოვანი. ბუნებრივია, რომ მაშინდელი პერიპეტიები და ვითარება ბევრმა არ იცის ან ბუნდოვნად ახსოვს.

თუმცა მოსახლეობის უმრავლესობას ცხადია, გვახსოვს, რომ რევოლუციური ხელისუფლების მმართველობის არასრული 4 წლის შედეგად დაგროვილი ოპოზიციური მუხტის ტრიგერი სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება გახდა.

დღეს ოქრუაშვილი კვლავ პატიმარია და არავის, არავის დედამიწის ზურგზე არ ადარდებს მისი პოლიტიკური ბედი, წარსულის ერთი მუჭა პოლიტიკოსების გარდა. არავითარი პროტესტი, არავითარი ხმა და ძახილი. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტთა განცხადებით, დღეს ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა.

ერთადერთი საკითხი, რაც მოსახლეობას რეალურად გვაწუხებს, არის ლარის კურსი, რომელიც აჩანაგებს ჩვენს ჯიბეებს. ამ საკითხს სჭირდება მოვლა, ზრუნვა და პატრონობა. სიღარიბის საკითხი ისედაც ნომერი ერთია და ცხადია, ის იქნება ყველაზე აქტუალური მომავალ არჩევნებზე.

არსებობს ტერმინი პოლიტიკური სანაგვე. 2003 წელს ეს ინსტრუმენტი ფორსირებულად ამოქმედდა და შევარდნაძის ეპოქა და მისი სახეები ჩაირეცხნენ. გადარჩნენ მხოლოდ ახალგაზრდა რებრენდირებული სახეები. 2012 წელს იგივე ვერ მოხდა, მიუხედავად მოსახლეობის ნაწილის რევანშისტული სურვილისა. ეს პროცესი გრძელდება დღემდე და საზოგადოების რეაქცია ცხადყოფს მის აქტიურ ფაზაში გადასვლას“. - წერს გურამ ნიკოლაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930