27-07-2019
ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ახალი ცენტრი და შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“ გაიხსნა.
საზეიმო ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა გახსნეს.
ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა, ხოლო თოკების ატრაქციის მოწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KFW) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) თანამშრომლობით განხორციელდა.
„ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით და დაცული ტერიტორიების განვითარებით, ჩვენ რეგიონებში ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ვქმნით. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი პოლიტიკა საკონსერვაციო საქმიანობის გაუმჯობესებით და კერძო სექტორის დაინტერესებით, განახორციელოს საინვესტიციო პროექტები, ეკოტურიზმის და დაცული ტერიტორიების განვითარებისკენაა მიმართული. ალგეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიაა. უკვე დაგეგმილია დაშბაშის კანიონზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციის განხორციელება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. პარკში თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას. რეგიონში ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხოლო, მეორე მხრივ, უნიკალური ქართული ბუნების და ღირსშესანიშნაობების ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცნობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა ვიზიტორთა ახალი ცენტრი და თოკების პარკი დაათვალიერეს. ცენტრში მისულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და რეკომენდაციები, როგორც დაცული ტერიტორიების, ასევე რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ. ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოწყობილი შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“, რომელიც ორ ზონად (საოჯახო და მოზარდებისთვის) არის დაყოფილი, და სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს.
ღონისძიებას ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) თავჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი, KFW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი კლაუს ვიგელი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე ვალერიან მჭედლიძე ესწრებოდნენ.