31-07-2019
შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.
„შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:
I ვარიანტი – 22 ქულა და მეტი;
II ვარიანტი – 24 ქულა და მეტი;
III ვარიანტი – 22 ქულა და მეტი;
IV ვარიანტი – 24 ქულა და მეტი.
გამოცდა ზოგიერთ საგანში რამდენიმე სესიად მიმდინარეობს, რაც განაპირობებს საგამოცდო ტესტების სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების აუცილებლობას. შესაძლოა, კონკრეტული საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტი სირთულის თვალსაზრისით მცირედით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, ამიტომ აბიტურიენტებისთვის თანაბარი საკონკურსო პირობების შესაქმნელად გამოიყენება ქულების გათანაბრება “, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.