1-08-2019
კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა. საპილოტე პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურს ეწვია, ოპერატორებს გაესაუბრა და კონსულტაცია მიიღო.
თბილისის მერის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეებში თბილისის სხვა რაიონების კონკრეტულ ქუჩებზეც ამოქმედდება.
„დღეს უკვე ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმას წარმოადგენს. კოტე აფხაზის ქუჩაზე ამოქმედებულ ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას უშუალო კურირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები გაუწევენ. ისინი ყველაფერს აუხსნიან მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, აქ ავტომანქანა გააჩერონ. გადახდის წესები მარტივია.
ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი როგორც გადახდა, ასევე ზონის შერჩევა და 15-წუთიანი უფასო პარკინგით სარგებლობა. გარდა ამისა, გადახდა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობითაც, რომლითაც ჩვენ კომუნალურ გადასახადებს ვიხდით.
ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება უფასო იქნება. მათ უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი ავტომანქანები, ამის შემდეგ კი ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ მათ გაჩერებას.
საპილოტე პროექტის არეალში დახაზულია საპარკინგე ადგილები, სადაც ზონის ნომრებია მითითებული. ჩვენ გვაქვს სამი ზონა - „ა“, „ბ“ და „ც“ ზონები. ამ ეტაპზე ჯერჯერობით მხოლოდ „ა“ ზონის სტატუსი მოქმედებს. შემდეგ ეტაპზე დანარჩენი ზონები ამოქმედდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდნენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი.