20-02-2018
"გასულ კვირაში მიხეილ სააკაშვილი „განაწილებაში მოჰყვა“: ხელისუფლებისაგან შერისხული პოლიტიკოსი უკრაინიდან გააძევეს: ჯერ რესტორანში მიუვარდნენ, დაიჭირეს და შემდეგ პატივით გაამგზავრეს პოლონეთში, კომფორტული ჩარტერული ავიარეისით"- ამის შესახებ ტელეკომპანია «TV 5 канал»-ის მიერ გადაცემულ სიუჟეტშია საუბარი.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ სიუჟეტის ქართულენოვან რეზიუმეს მცირე შემოკლებით:
მაგრამ ცხელსისხლიანმა ქართველმა დაიქადნა, რომ უკრაინაში დაბრუნდება-განაგრძობს სიუჟეტის ავტორი, მანამ კი მთელს ევროპაში ერთგულ საჭურველთმტვირთველებს აგროვებს.
იგი ჰოლანდიაში, ამსტერდამში ვიპოვეთ, ერთ-ერთ ჩვეულებრივ კაფე-რესტორანში. ჩვენმა ტელეკორესპონდენტმა ნატალია კირილოვამ, რომელიც პოლიტიკოსზე რამდენიმე დღის განმავლობაში „ნადირობდა“, მისგან ექსკლუზიური ინტერვიუ აიღო და გაიგო, რომ [უკრაინაში არსებულ] რეჟიმთან მებრძოლი მიხეილი დიდხანს არ დაწყნარდება.
მიხეილ სააკაშვილი თითქოსდა ძებნილია, მაგრამ იგი სრულიად მშვიდად დადის ამსტერდამის ქუჩებში. ამას ვინ იფიქრებდა! ჩვენი მანქანა წითელზე გაჩერდა, უცებ კი მიხეილ სააკაშვილი გაიჩითა - ნიკოლოზოვიჩი დაცვის გარეშე, ველოსიპედით, როგორც ნამდვილ ჰოლანდიელს შეჰფერის.
ნატალია კირილოვა: „ოი, თვალს არ ვუჯერებ! მე თქვენ პოლონეთსა და ჰოლანდიაში დაგეძებთ... გვითხარით, როგორია თქვენი გეგმები?“.
მიხეილ სააკაშვილი: „მე პოლიტიკური ბრძოლის გეგმა მაქვს. ჩემი გეგმები სრულყოფილია. ვცდილობ მუდამ პოლიტიკურ ფორმაში ვიყო. ვაპირებ დავასრულო ის, რაც უკრაინაში დავიწყეთ“.
(რაზე მიგვანიშნებს უკრაინის ორი რევოლუციის თანაავტორი? ბატონმა სააკაშვილმა პასუხს თავი აარიდა და გვითხრა, რომ რესტორანში შეხვედრა აქვს და აუცილებლად დაგვიბრუნდება. რესტორანი არგენტინულია, საშუალო ფასებით. ქართველისათვის ასეთ რესტორანში ყოფნა საკმაოდ უცნაურია, თუმცა ზოგადად სიმბოლური: მიხეილ სააკაშვილის დეპორტის გზა რესტორან „სულგუნში“ დაიწყო, საიდანაც თმებით გამოითრიეს. საერთოდ, დეპორტაცია მიხეილ სააკაშვილისათვის უკეთესია, ვიდრე [კიევში ჯდომა]. ყველას უკვე ყელში ამოუვიდა მისი მოთხრობები თანაკურსელ პეტრო პოროშენკოზე და შოკოლადის მეფეზე. ქვეყნიდან რომ არ გაეძევებინათ, აბა სად შეკრებდა კიდევ არტისტი მიშიკო ამდენ ჟურნალისტს მთელი მსოფლიოდან?)
მიხეილ სააკაშვილი: „უახლოეს დღეებში აქტიურად დავიწყებ მუშაობას ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან, ევროპარლამენტთან...“.
(რადგანაც უკრაინის ხელისუფლება ძლიერ სიმპათიებს ამჟღავნებს და პატივს სცემს პოლონელთა ხოცვის ორგანიზატორს სტეპან ბანდერას, სკანდალისტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთისათვის თათრებზე უარესი სტუმარი აღმოჩნდა.)
ანჯეი მიხნევსკი, ჟურნალისტ-პოლიტოლოგი: „თუ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ საქმიანობას პოლონეთის ტერიტორიაზე გადაწყვეტს, ეს საკითხი ჩვენი მთავრობისათვის საკმაოდ რთული იქნება“.
(ვარშავამ მეორე დღეს თავისუფლად ამოისუნთქა: მიხომ ამსტერდამში გაქუსლა. დღეს - ნიდერლანდი, ხვალ - გერმანია, ზეგ - საფრანგეთი, შემდეგ ისევ პოლონეთი და კვლავ ახალი ლაშქრობა უკრაინის საზღვარზე? შერისხულმა უკრაინელმა ქართველმა (თუ პირიქით!) უკვე გამოაცხადა ევროპული საგასტროლო ტურნე. დაიწყო როტერდამით. აქ მან იმიგრაციის სამსახურს მიმართა ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვის მისაღებად. ხელისუფლებას უარი არ უთქვამს. არადა, მოწმობის ასე სწრაფად აღება იოლი არაა, ნახევარი წლის ლოდინი მაინც უნდა. როგორც ჩანს, თავისი საგასტროლო ტურნე ქართველ-უკრაინელმა არტისტმა წინასწარ დაგეგმა და ეს სპექტაკლი კარგად მოიფიქრა. კითხვა - ვინაა რეჟისორი? პეტრო პოროშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილმა დახმარება გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს სთხოვა.)
ფრანკ შუმანი, პუბლიცისტი: „იგი მასხარაა და კლოუნი. მისი თხოვნა სერიოზულად არ აღიქმება. ფედერალური მთავრობის პოზიცია ისეთია, რომ მას ფსონი ჯერ კიდევ პეტრო პოროშენკოზე აქვს დადებული“.
(არადა, მიხეილ სააკაშვილის ახალი სპექტაკლი საკმაოდ ძვირი ღირს. მარტო მისი დეპორტაცია უკრაინიდან პოლონეთში კერძო თვითმფრინავით ნახევარ მილიონზე მეტი დაჯდა, რუბლებზე გადაანგარიშებით. პლუს ვარშავაში ყოფნა...)
ნატალია კირილოვა, კორესპონდენტი: „როგორც ვატყობ, ეს სასტუმრო უკვე ყველაზე ცნობილი გახდა ქალაქშიო, რადგან თქვენთან მიხეილ სააკაშვილი ხშირი სტუმარია...“.
პორტიე: „რასაკვირველია!“.
(სხვაგან სად იცხოვრებდა მიხეილ სააკაშვილი, თუ არა მე-20 საუკუნის დასაწყისის ბრწყინვალე სასტუმროში, „არ-დეკოს“ ცნობილი ინტერიერით. ადგილიც პრესტიჟულია - პრეზიდენტის სასახლის ახლოს, ძველი ქალაქიდან ორ ნაბიჯზე. აქვეა მეფის ციხე-დარბაზი და ეროვნული ოპერის შენობაც. ამას დავუმატოთ გადაფრენებიც - ორ დრეში მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირის სამი ქვეყანა მოინახულა. გუშინწინ უმუშევარი პოლიტიკოსი მიუნჰენის აეროპორტში შენიშნეს, იქ უსაფრთხოების კონფრენციაზე ბევრი ცნობილი პერსონა შეიკრიბა. მიხო მიწვეულთა სიაში არ ყოფილა, მაგრამ იგი აშკარად ეძებდა მომენტს და ყველა შესაძლებლობას იყენებდა მათთან შესახვედრად. მიხეილ სააკაშვილი ყველას რაღაცას სთავაზობს, ამით იგი პეტრო პოროშენკოს ჰგავს. მაგრამ რის შეთავაზება შეუძლია, როცა მას მოქალაქეობაც კი არ აქვს? უკრაინაში გადატრიალებას მოაწყობს თუ ვადამდელ არჩევნებს?)
ნატალია კირილოვა: არ გსურთ პრეზიდენტობა?
მიხეილ სააკაშვილი: „მე პრეზიდენტობისათვის არ ვემზადები. მინდა ხელი შევუწყო ცვლილებებს დიდებულ ქვეყანაში, სიტუაცია გავაუმჯობესო. ჩვენ ამაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ“.
ნატალი კირილოვა: „რატომ დაიწყეთ უკრაინით? დაგეწყოთ, ვთქვათ, მოლდოვით“.
მიხეილ სააკაშვილი: „იმიტომ, რომ უკრაინაში მრავალი წელია ვცხოვრობ“.
(ქართველმა რეფორმატორმა შეხვედრა ამსტერდამის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე დაგვითქვა. პირდაპირ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე, ხმაურიან ქუჩაზე, სადაც უამრავი ტურისტია. რევოლუციონერს, როგორც ჩანს, თვალთვალის ეშინია. იგი სიამოვნებით ლაპარაკობს საკუთარ თავზე. ეს მისი საყვარელი თემაა.)
ნატალია კირილოვა: „როგორ ფიქრობთ, თავი პოპულარულ ადამიანად მიგაჩნიათ?
მიხეილ სააკაშვილი: „არ ვიცი“.
ნატალია კირილოვა: რომელ სააკაშვილს უფრო იცნობენ თქვენში - პრეზიდენტს, გუბერნატორს თუ...
მიხეილ სააკაშვილი: „ვფიქრობ, ეს ყველაფერი ისეა ერთმანეთში არეული, რომ ჩემში, ალბათ, ყველაზე მეტად სატელევიზიო პერსონაჟს ცნობენ“.
როგორც კი მისთვის არასასიამოვნო კითხვების დასმა დავიწყე, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გაცლა ამჯობინა: უცებ მოახლოებულ ტრამვაიში შეხტა. ყველაფერი საუკეთესო ტრადიციებით - გაფრინდა, მაგრამ დაიბარა, დავბრუნდებიო...