12-08-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და სასაზღვრო პოლიციაში შესული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მიმდებარედ ორი უკრაინელი ტურისტი მყინვარ უშბადან დაშვების დროს, ფერდობზე დაგორდა.
რთული რელიეფის გამო, დახმარების სწრაფად აღმოჩენის მიზნით, ადგილზე დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი გავიდა.
მაშველებმა დაშავებული ტურისტები მესტიაში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.
ექიმების განმარტებით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.