12-08-2019
„25-წლიანი დიდი ტელეკომპანიის დიდი ისტორია დასრულდა და ის დაასრულა 36 კბილა ცხენკაცმა ქიბარ ხალვაშმა და მისმა დანიშნულმა პაატა სალიამ“, - ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის განცხადებას იმის შესახებ, რომ ტელევიზია გაიყიდება.
მისივე თქმით, ბრალდება, მისი გენერალური დირექტორობის დროს კომპანიას 70 მილიონამდე დავალიანება დაუგროვდა, სიმართლეს არ შეესაბამება და 30 მილიონამდე ვალი მას დახვდა.
„ეს ე.წ. დაკიდებული ვალებია. პაატა სალია საერთოდ არაფრის მცოდნე არაა ქვეყნის ზურგზე, ის არის ერთი საშუალო ხარისხის კლერკი, იურისტი. არც მაგის კარგი ადვოკატობა გაუგია ვინმეს, არც რამე გამორჩეული შეუქმნია ცხოვრებაში. მის მიერ დასახელებული 70 მილიონიდან 30 არის ე.წ. დაკიდებული ვალები, რომელიც არის მკვდარი სესხები ან ჩასხმები პარტნიორთა ვალებად გაფორმებული. ამ დაკიდებული ვალების ზემოთ არის 25 მილიონი საგადასახადო დავალიანება, დიახ მათ შორის ყადაღით მიყენებული ზიანიცაა“, - განაცხადა გვარამიამ.
„რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანიას 70 მილიონამდე ვალი აქვს. სალია მიიჩნევს, რომ ეს დავალიანება ნიკა გვარამიას მიზანმიმართული ქმედებების შედეგია.