13-08-2019
„პრაიმტაიმმა“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებული ბიზნესმენებიდან რამდენიმეს ვინაობა გაარკვია. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საგამოძიებო ორგანომ 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა აღკვეთა და სისხლის სამართლის 9 საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში 38 პირი დააკავა, საერთო ჯამში კი ძიება 53 პირის მიმართ მიმდინარეობს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან:
იოსებ წივილაშვილი - შპს „აფრო“, შპს „აგორა“.
გიორგი თოფჩიშვილი - შპს „ფრეგო“.
ვლადიმერ ყველაშვილი - შპს „ნიუ გრუპი“.
ქეთევან ხარჩილავა - შპს ჯეო მეტალ ტრეიდი“.
ბესიკ ჯანელიძე - შპს VMV
ამ და პასუხისგებაში მიცემულ სხვა პირთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი - კომპანიების ფაქტობრივი მმართველი.
„გამოძიებით დადგენილია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
იქვე განმარტავენ, რომ დღგ-ს დაბრუნების სისტემაში სახელმწიფოს აქვს კონტროლის ქმედითი მექანიზმი. სწორედ ამ მექანიზმისთვის თავის არიდების მიზნით, შემუშავდა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მეშვეობითაც კომპანიები შექმნილ ყალბ აქტივებს იყენებდნენ მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.
სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღდა ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონება და საბანკო ანგარიშები. ამოღებული იქნა მილიონ ლარზე მეტი ნაღდი ფული და დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.
აღსანიშნავია, რომ დანაშაულებრივ სქემაში საჯარო მოხელეების შესაძლო მონაწილეობის საკითხს ანტიკორუფციული სააგენტო ცალკე წარმოებად იძიებს.