21-02-2018
“ქვეყანაში ბანკების ლიკვიდობის პრობლემა დგას“-ამის შესახებ „კომერსანტს“ ფინანსისტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი განცხადებით, იმის გამო, რომ ეს პრობლემა არსებობს, ეროვნული ბანკი მათზე რეფინანსირების სესხებს გასცემს. სინამდვილეში კი როგორც ბასილია განმარტავს, ეს რეფინანსირების სესხები კი არა, ბოლო ინსტანციის სესხებია.
„თავად რეფინანსირების სესხების სისტემა ძალიან სწორი რამ არის, რომელიც ბანკებისთვის დროებით შექმნილ პრობლემებს აგვარებს, მაგრამ როდესაც ბანკებს რეფინანსირების სესხები უკვე წლების განმავლობაში სჭირდება და თან მისი მოცულობა მილიარდ ლარს აღემატება, ეს უკვე აღარ არის დროებითი პრობლემა, ეს სერიოზული, კომპლექსური პრობლემაა“-აცხადებს ბასილია.
მისივე მოსაზრებით,საბანკო სისტემაში მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ ფინანსთა სამინისტროც კი გახდა იძულებული მათთვის სესხები მიეცა და თავისი დეპოზიტები განეთავსებინა.ბასილია აცხადებს, რომ ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ საბანკო სისტემაში სერიოზული სტრუქტურული რეფორმებია გასატარებელი.
კერძოდ, ბანკები უნდა დაუბრუნდნენ მხოლოდ საბანკო საქმიანობას და სხვა ბიზნესებიდან უნდა გამოვიდნენ. „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეროვნული ბანკი და მისი საბანკო ზედამხედველობის სამსახური ვერ ასრულებს თავის უშუალო მოვალეობას და მოვლენები თვითდინებაზეა მიშვებული. ეს კი, კარგ შედეგამდე არ მოგვიყვანს“-აცხადებს ბასილია.
როგორც ცნობილია, ფიზიკური პირების სესხები კომერციული ბანკების მიმართ 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 19.7 მილიარდ ლარს შეადგენს და ეს მაჩვენებელი მზარდია. ამასთან, მზარდია მოსახლეობის გადახდისუნარიანობის მაჩვენებელიც. კითხვაზე, ამ ტენდენციის შენარჩუნების შედეგად ხომ არ დადგება კომერციული ბანკების ლიკვიდურობის პრობლემა ან ვთქვათ, რა არის ის კრიტიკული ზღვარი, რის შემდეგაც შესაძლოა უკვე საუბარი იყოს დეფოლტზე,ბასილია განმარტავს, რომ რაიმე კონკრეტულ კრიტიკულ ზღვარზე საუბარი რთულია, რადგან ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - მათ შორის, ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე და იმაზე, თუ რამდენად დაბრუნებადია ეს სესხები.
მისივე განცხადებით,საბანკო სექტორში სხვა პრობლემებიცაა, მათ შორისაა, ბანკების მიერ უცხოეთიდან მოზიდული სახსრების საკმაოდ მაღალი დონე. „ეს მოზიდული სახსრები საკმაოდ მაღალი პროცენტით უკან დასაბრუნებელია. ფაქტია, რომ ბანკებს უჭირთ უცხოური სესხების დროულად მომსახურება. ამიტომაც, არის ასეთი რყევები სავალუტო ბაზარზე და ამიტომაც არის ლარის კურსი არასტაბილური. იმდენად ბევრი პრობლემაა დაგროვებული საბანკო სისტემაში, რომ სულ მცირე გადახრამაც კი შეიძლება სერიოზული რყევები გამოიწვიოს. ამიტომაც არის აუცილებელი ყველა სტრუქტურამ და პირველ რიგში, ეროვნულმა ბანკმა შეასრულოს თავისი ფუნქცია და ქართული საბანკო სისტემის გაჯანსაღების და სტრუქტურული რეფორმების მკაფიო და კონკრეტული გეგმა ჩამოაყალიბოს“-აცხადებს ბასილია.