გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაგბის თემაზე ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოვიდა

28-08-2019

მიმდინარე წლის შემოდგომაზე იაპონიაში რაგბის რიგით მე-9 მსოფლიო თასი გაიმართება, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ მოვლენასთან დაკავშირებით 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა.

ახალი საკოლექციო მონეტა დღეს საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა. ღონისძიებას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ფინანსური სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და წარმატება უსურვა მათ. მან საკოლექციო მონეტით დაასაჩუქრა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მსოფლიოში აღიარებული მორაგბე, ქართული რაგბის ლეგენდა - მამუკა გორგოძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

"ჩვენმა რაგბისტებმა წარმატებებით გაგვანებივრეს. დღეს რაგბის არაერთი გულანთებული გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ქვეყანაში. ის, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი გამოფენა ასახავს ქართული რაგბის გზას ლელოდან მსოფლიო ჩემპიონატამდე. ხალხური რაგბიდან, რომელსაც დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა დღესასწაულზე ოდითგანვე თამაშობდნენ, მაღალი რანგის თამაშამდე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ 20 ქვეყნის საუკეთესო გუნდს ხვდა წილად. ცოდნა, ძალა, გუნდურობა - ეს რაგბის თამაშის მთავარი ქვაკუთხედია. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა რაგბის ეროვნული ნაკრების მიმართ და წარმატება ვუსურვო ჩვენს საამაყო ბორჯღალოსნებს! დღეიდან მთელი საქართველო თქვენი გულშემატკივარია! საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრებულ ტრადიციას, ეხმიანება ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მოვლენას და ამჯერად რაგბის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტებს წარმოგიდგენთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


მონეტის დიზაინი მამუკა და ნიტა გონგაძეებს ეკუთვნით. აღნიშნული საკოლექციო მონეტები ოვალურია და იმეორებს რაგბის ბურთის ფორმას, რაც სიახლეა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აქამდე გამოშვებული მონეტების დიზაინის თვალსაზრისით. მონეტები ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა და მათი დიზაინი იდენტურია, იმ განსხვავებით, რომ ვერცხლის მონეტაზე გამოყენებულია ფერი.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მორაგბე ბურთით ხელში, ბორჯღალი - საქართველოს რაგბის კავშირის ლოგო; რაგბის მსოფლიო თასის აღმნიშვნელი წარწერა ინგლისურ და იაპონურ ენებზე, "2019" და "5 ლარი".

რევერსზე გამოსახულია უძველესი ქართული ტრადიციული თამაშის - ლელობურთის საწყისი მომენტი - ჰაერში აგდებული ბურთი და მის დასაუფლებლად აღმართული ხელები; წარწერები "ლელო", "LELO", "Georgia", "საქართველო".

მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება 29 აგვისტოდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკისონლაინმაღაზიის საშუალებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930