გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
როგორ აიცილა საქართველომ რუსეთთან ომი 1999 წელს; შევარდნაძემ მითხრა რუსები ამას დიდხანს არ დაივიწყებენო-ინტერვიუ ამერიკელ დიპლომატთან

30-08-2019

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, კენეტ იალოვიცის განცხადებით, პანკისის პრობლემის გამო, 1999 წელს საქართველომ რუსეთის მხრიდან სამხედრო ოპერაციას თავი ბეწვზე დააღწია. კენეტ იალოვიცს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში პანკისის ასპექტზე და ისტორიულ პერსპექტივაზე "ამერიკის ხმა" ესაუბრა.


- ბატონო კენეტ, საქართველოში ელჩობის შემდეგ ცოტა ხანში, თქვენ თქვით, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად, ჩეჩნეთის მეორე ომის პერიოდში ემზადებოდა. თქვენი ელჩობის დროს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო. როგორ იხსენებთ მაშინდელ მდგომარეობას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და რა თქმა უნდა, ამერიკის როლს ამ დინამიკაში?


- ეს ყველაფერი, სინამდვილეში, 1999 წელს დაიწყო, როცა რუსეთი ჩეჩნეთსა და დაღესტანში განახელებული ბრძოლებით იყო შეშფოთებული. კრემლში დაწყებული ჰქონდათ იმაზე ფიქრი, რომ დაღესტნიდან ჩეჩნეთში გადასული მებრძოლების წინააღმდეგ, სამხედრო ძალა გამოეყენებინათ. გარდა ამისა, ჩეჩნეთში წინააღმდეგობის მოძრაობას ვერ აცხრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთის პირველი ომი უკვე ჩავლილი იყო. მოსკოვი საქართველოს უბიძგებდა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა. მაშინ მახსოვს, პანკისთან ახლოს ბომბებიც კი ჩამოყარეს. ამ დროისთვის უკვე იყო განცხადებები მოსკოვის მხრიდან, რომ პანკისი ტერორისტების თავშესაფარი ხდებოდა.


1999 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეხვედრაზე დამიბარა. მან მითხრა, რომ კრემლიდან სთხოვეს, რუსეთის ჯარისთვის - საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზებიდან - ჩეჩნეთზე სამხრეთიდან იერიშის მიტანის ნებართვა მიეცა. შევარდნაძემ მითხრა, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ, ამ ნებართვაზე რუსებისთვის უარის თქმას აპირებდა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არ შედიოდა. მახსოვს, მაშინ პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება რუსებს არ მოეწონებოდათ და რომ მოსკოვი ამას დიდი ხანი არ დაივიწყებდა. ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, პანკისში რამდენიმე ბომბი ჩამოვარდა. ხალხი არ დაღუპულა - პირუტყვი დაიხოცა, მაგრამ რუსებმა საქართველოს მესიჯი გაუგზავნეს და თბილისზე დიდი ზეწოლა დაიწყეს.


ამერიკამ მაშინ ოთხპუნქტიანი პროგრამა წამოიწყო. პირველ ეტაპზე საქართველოს მესაზღვრეების ღამის ხედვის ბინოკლები და სამთო აპარატურა გადავეცით, რათა მათ საზღვრის გადაკვეთის შემთხვევები დაეფიქსირებინათ და აღეკვეთათ.


რუსები აცხადებდნენ, რომ ჩეჩნები საქართველოს საზღვარს სისტემატურად კვეთდნენ. ამას კი, მოგეხსენებათ, წინ უძღოდა ჩეჩნეთის ომის დროს, დაახლოებით, 5000 ჩეჩნის საქართველოში, პანკისის ხეობაში დასახლება. რუსები დასაბუთების გარეშე აცხადებდნენ, რომ მათი უმრავლესობა ჩეჩენი მებროლი იყო.

ამერიკის დახმარების პროგრამის მეორე ნაწილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შექმნა იყო, რომელიც საზღვარზე ადამიანების გადაადგილებას დააკვირდებოდა როგორც მესამე - მიუკერძოებელი მხარე.


მესამე ელემენტის ფარგლებში [ვაშინგტონის მხრიდან] რუსებთან დიალოგი იყო მათ იმაში დასარწმუნებლად, რომ პანკისში სამხედრო ოპერაცია არ დაეწყოთ.

პროგრამის ბოლო ნაწილი ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დაყოლიება იყო იმაზე, რომ პანკისში შესულიყო და იქაურობა გაეწმინდა. ამას რამდენიმე წელი დასჭირდა. მგონი 2003 წელი იყო, როცა მათ პანკისში შესვლა საბოლოოდ გადაწყვიტეს. ვფიქრობ ამ ოთხ პუნქტიანმა გეგმამ მაშინ საქართველო რუსეთის თავდასხმისგან იხსნა, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ, (2008 წელს) მოვლენები სხვა კურსით განვითარდა.


წყარო: "ამერიკის ხმა"


p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930