გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: დღეს შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა

2-09-2019

ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, ხარისხობრივად ახალ დონეზე აგვეყვანა ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და ნატოსთან და წარმოგვეჩინა საქართველოს გაძლიერებული სტრატეგიული როლი რეგიონში; სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ეს ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა და მას სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება და შემდგომი განმტკიცება.

„ევროინტეგრაცია - ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, როგორც ხშირად პოლიტიკოსები მოიაზრებენ, ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი.დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოციირებული წევრები, გვაქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), ვიზა ლიბერალიზაცია რამაც პირდაპირი და ხელშესახები შედეგები მოუტანა ჩვენს ხალხს. საქართველო დღეს არის იმაზე ახლოს ევროპულ ოჯახთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მისი თქმით, ყველა პარტნიორი ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო არის ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებს შორის.

„ჩვენ გვჭირდება კონკრეტული გეგმა შემდგომი ფაქტობრივი ინტეგრაციისთვის ევროპულ სივრცეში, ვიდრე ევროკავშირს ექნება შესაძლებლობა, მოგვცეს ევროკავშირის წევრობის ოფიციალური პერსპექტივა. სწორედ ამიტომ, ჩვენ: შევიმუშავეთ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა (Roadmap2EU); ბათუმის კონფერენციაზე ვიმსჯელეთ ფაქტობრივი ინტეგრაციისათვის საჭირო დამხმარე მექანიზმებზე, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან არის მზადყოფნა და ჩვენგან ელიან ინიციატივებს; ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ უნიკალური ფორმატი, რომელიც შეიქმნა სპეციალურად საქართველოსთვის − ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით ბრიუსელში; სექტორული ინტეგრაცია არის ევროკავშირში ფაქტობრივი ინტეგრაციის საუკეთესო გზა. ჩვენი ევროპული ცივილიზაციური არჩევანი განპირობებულია ჩვენი ისტორიითა და უნიკალური კულტურით. ჩვენი კულტურა არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, უფრო მეტიც − ჩვენ განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის შექმნაში. შესაბამისად, განსაკუთრებით ემოციური და პრაგმატულადაც უმნიშვნელოვანესია, რომ სრულფასოვანი სექტორალური ინტეგრაციის პირველი ნაბიჯები ხორციელდება სწორედ კულტურისა და განათლების სფეროებში“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცირკულარული შრომითი მიგრაციის (ლეგალური დასაქმება ევროპაში) შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.

„სანამ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ევროპასთან ფაქტობრივი ინტეგრაციის საუკეთესო მექანიზმად მიმაჩნია საქართველოს ევროპის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანება (European Economic Area)“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031