2-09-2019
პოლარიზაციით, რადიკალიზაციით, ნეგატიური დღის წესრიგით მომგები მხარე იქნება მხოლოდ ერთი - ოკუპანტი ქვეყანა, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუღებელია ნეგატიური დღის წესრიგი დადა უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკურ გარემო.
მამუკა ბახტაძის განცხადებით ის მიესალმება ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომელიც უკავშირდება 2020 წლის არჩევნების ჩატარებას ე.წ ნულოვანი ბარიერით, რაც ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლას უზრუნველყოფს.
„ეს არის ძალიან საშიში მოვლენა და თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ განსაკუთრებული ყურადღებით. მე ხშირად მომისმენია, რომ მსგავსი პოლიტიკური პოლარიზაცია შეინიშნება დასავლეთის ქვეყნებშიც, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის გამართლება. მათი სისტემები არის მდგრადი. ჩვენ გვაქვს სულ სხვა რეალობა და გამოწვევები და პოლარიზაციით, რადიკალიზაციით, ნეგატიური დღის წესრიგით მომგები მხარე იქნება მხოლოდ ერთი - ოკუპანტი ქვეყანა. შესაბამისად, მე პრინციპულად მხარს ვუჭერ იმ ინიციატივას, რომელიც გააჟღერა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც უკავშირდება 2020 წლის არჩევნების ჩატარებას არა მხოლოდ პროპორციული რეჟიმით, არამედ ე.წ ნულოვანი ბარიერით, რათა ნებისმიერი ჯგუფის ხმა იყოს წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში. უფრო მეტიც, საშუალება მიეცეთ ახალ სახეებს, რომ შემოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი პოლარიზაციის შესამცირებლად და 2020 წლის არჩევნები, ეს უნდა იყოს შეჯიბრი პროგრამების, იდეების, ხედვების და ეს არ უნდა იყოს შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.