ახალი ამბები ეს შენი წარსულია
გაზეთი „ივერია“ ქუჩის პროსტიტუციის შესახებ და მაშინდელი საზოგადოების დამოკიდებულება უძველესი პროფესიის წარმომადგენლების მიმართ
22-12-2017
ქუჩაში საკუთარი სხეულით მოვაჭრე ქალბატონების შესახებ სოციალური საკითხი, არც მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოსთვის იყო უცხო ხილი.
უფრო მეტიც, მათ მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას, საზოგადოება მაშინდელი პრესის ფურცლებზე აფიქსირებდა.
პორტალი nsp.ge, გთავაზობთ გაზეთ „ივერია“-ში 1904 წელს გამოქვეყნებულ კატო მაყაშვილის ლექსს, რომელიც სწორედ უძველესი პროფესიის წარმომადგენელ ქალბატონებსა და მათ მიმართ დამოკიდებულებას ეხება:
უნამუსო
ცივა... ჰყინავს... აგერ, შეხეთ,
ფერ-მიხდილი და უძლური,
ლუკმა-პურის საშოვნელად
გამოსულა უბედური.
ლამაზ სახეს, ჯერ გაურყვნელს,
ჰღრუბლავს მძიმე ფიქრი შავი...
სიცივისგან თრთის, კანკალებს
ქუჩის შვილი საცოდავი.
მის ღაწვებზედ ალმასივით
ბრჭყვინავს ცრემლი მწვავ-მდუღარე
და თვალებში ეხატება
უნუგეშო სევდა, მწარე:
სამი თვეა რაც რომ მამა
„უნამუსოს“ აღარა ჰყავს,
შინ მოხუცი და უღონო
შიმშილისგან-დედა ოხრავს!
საქმრომ თავი დაანება:
მოატყუა უსირცხვილოდ!
ყველგან კარი დაუკეტეს
და აიგდეს სასაცილოდ...
ამიტომაც ლუკმა-პურის
საშოვნელად ისა დადის,
და თვისს სხეულს, სილამაზეს
გულ საკლავის კვნესით ჰყიდის!
„შემიბრალეთ“,- გეხვეწებით
მისი სახე, ქორფა, ჩვილი,
„მომაშველეთ ხელი ქველი,
თანაგრძნობის სიტყვა ტკბილი“...
მაგრამ აბა ეხლანდელს დროს
ვინ იკისრებს შებრალებას?
ვინ გაუწვდის დაცემულსა
უსასყიდლოდ მოწყალებას?!
კ. მაყა-ში.
(სტილი დაცულია)
NSP.GE ©